
44.7K
Downloads
120
Episodes
შემდეგი პოდკასტი NEXT.On.ge-სგან
Episodes

Oct 31, 2021
Oct 31, 2021
1 hr 21 min
ბიოარტი ხელოვნების ახალი მიმდინარეობაა, რომელიც სულ რამდენიმე წელია არსებობს. ბიოარტის ფუნდამენტური განმასხვავებელი შემდეგია — ხელოვნების ნიმუში შეიძლება იყოს ცოცხალი. ის იბადება, იზრდება და კვდება — როგორც სხვა ცოცხალი ორგანიზმი.
ბიოარტი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სამეცნიერო კვლევებში. ხელოვნების ეს მიმდინარეობა პირდაპირ არის დაკავშირებული მეცნიერებასთან: ბიოლოგიასთან, გენურინჟინერიასთან, პროგრამირებასთან და სხვა სამეცნიერო დისციპლინებთან.
ეს ხელოვნება ძირითადად მზადდება ლაბორატორიებში, მას ინოვაციური და თანამედროვე ტექნოლოგიები სჭირდება და თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ მომავლის ხელოვნება.
პოდკასტში სწორედ ამ თემაზე ვსაუბრობთ. დღეს ჩვენთან ერთად მწერალი, მუსიკოსი და პოსტჰუმანისტური იდეებით შეპყრობილი ჰომო საპიენსი — ზურა ჯიშჯარიანია.

Oct 25, 2021
Oct 25, 2021
1 hr 32 min
ფეისბუქი 2004 წელს დაფუძნდა, დღეს სოციალური მედიის გიგანტს 3 მილიარდამდე მომხმარებელი ჰყავს და ის ასობით მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
თუმცა, წარმატებებთან ერთად არსებობს პრობლემები. 4 ოქტომბერს ფეისბუქი და მის მფლობელობაში არსებული ისეთი გიგანტი პლატფორმები, როგორებიცაა Messenger, Instagram და Whatsapp გლობალურად გაითიშა.
ამასთან, არსებობს უსაფრთხოების პრობლემები — ჩნდება შეკითხვა, რამდენად უსაფრთხოა ფეისბუქი და რამდენად დაცულია იქ ჩვენი ინფორმაცია?! პოდკასტში სწორედ ამაზე ვსაუბრობთ, განვიხილავთ როგორც სოციალური სოციალური მედიის ამბიციებს, ისე პრობლემებსა და უსაფრთხოების ფაქტორებს.
ჩვენი სტუმარი გიორგი იაშვილია, სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის ტექნიკური დირექტორი.

Oct 18, 2021
Oct 18, 2021
1 hr 34 min
პირველ ვიდეოთამაშად ითლება 1940 წელს შექმნილი თამაში სახელად მიმატრონი. ეს უზარმაზარი მანქანა იყო, რომელიც სათამაშო აპარატს ჰგავდა და მოთამაშეს სთავაზობდა კომპიუტერთან ერთად ნათურის ჩაქრობას.
დღეს ვიდეოთამაშების ინდუსტრია 160 მილიარდ დოლარზე მეტად ფასდება.
როგორც კვლევები და ტვინზე დაკვირვებები აჩვენებს, ვიდეოთამაშები ჩვენს ტვინებს გადაწყვეტილების უფრო სწრაფად მიღებაში, თავსატეხების ამოხსნასა და მოტორიკაში აქტიურად ავარჯიშებს. ამის ფონზე არ წყდება მითები, თუ საფუძვლიანი ეჭვები, რის მიხედვითაც ვიდეოთამაშები ჩვენს ტვინებს აზიანებს.
პოდკასტში სწორედ ამის გარკვევას შევეცდებით, ვისაუბრებთ ვიდეოთამაშებზე, ტვინზე და იმაზე თუ როგორ ცვლის ეს ორი ერთმანეთს. ამაში კი ჩვენი დღევანდელი სტუმარი გოჩა გოლუბიანი დაგვეხმარება — ბიოლოგი და ვიდეოთამაშების დიდი ენთუზიასტი.

Sep 30, 2021
Sep 30, 2021
1 hr 8 min
გლობალური დათბობა დედამიწის ზედაპირის, ატმოსფეროსა და ოკეანის საშუალო წლიური ტემპერატურის ზრდის პროცესია. მასში დედამიწის კლიმატური სისტემის საშუალო ტემპერატურის გრძელვადიანი მატება იგულისხმება.
კლიმატის ცვლილების ექსპერტთა ჯგუფის თანახმად, ბუნებრივი ფაქტორების გარდა ადამიანის ზემოქმედება კლიმატზე XX საუკუნის შუა პერიოდიდან მოყოლებული გლობალური დათბობის დომინანტური ფაქტორია.
ამის ფონზე ჩვენ უკვე დადასტურებულად ვიცით, რომ 1880 წლიდან მოყოლებული დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა 1 გრადუსით გაიზარდა. ერთი შეხედვით ეს დიდი არაფერია, მაგრამ რეალურად ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათოა. მეტიც, 21-ე საუკუნიდან მოყოლებული საშუალოდ თითქმის ყოველი წელი, წინა წელთან შედარებით უფრო ცხელია.
რას ნიშნავს ეს, რაზე აისახება გლობალური დათბობა, რა პროცესები იწვევს მას და როგორ მოქმედებს ის ჩვენზე, პლანეტაზე და რა უნდა დავუპირისპიროთ მას? პოდკასტში სწორედ ამ შეკითხვებზე პასუხის მიღებას ვცდილობთ, ამ ყველაფერში კი ჩვენი სტუმარი Next.on.ge-ის სამეცნიერო ჟურნალისტი და გარემოს დაცვითი აქტივისტი, ანანო მჭედლიშვილი გვეხმარება.

Sep 28, 2021
Sep 28, 2021
1 hr 35 min
ჰომო საპიენსი (ჩვენ) დაახლოებით 200 000 წელია რაც არსებობს. დღეს ჩვენ ვქმნით ცივილიზაციებს, ქალაქებს, ვფიქრობთ კოსმოსის ათვისებაზე, რადგან პლანეტაზე თითქმის აღარ დარჩა ადგილი, სადაც ფეხი არ დაგვიდგამს, მაგრამ ოდესღაც დედამიწაზე სხვა "ადამიანებიც" დააბიჯებდნენ.
ადამიანის ისტორია და ევოლუცია ბევრად უფრო საინტერესო და მრავალფეროვანია, ვიდრე ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. ჰომო საპიენსამდე, ბევრად უფრო ადრე იყვნენ ჰომო ჰაბილისები, ჰომო ერექტუსები, ნეანდერტალელები — არქეოლოგების აზრით, იყო დრო, როდესაც ადამიანის სულ მცირე, ექვსი სახეობა ცხოვრობდა ერთდროულად. მათგან მხოლოდ ჩვენი სახეობა – ჰომო საპიენსი – გადარჩა.
დღეს ჩვენ გადარჩენილები ვიკვლევთ საკუთარ ისტორიას, წარსულს და ევოლუციას. 1999-2005 წლებში სწორედ საქართველოში — დმანისში აღმოაჩინეს ჰომო ერექტუსები, ზეზვა და მზია. ეს მტკიცებულებაა, რომ აფრიკიდან წამოსული ადამიანის უძველესი წინაპრები დღევანდელ საქართველოში სახლობდნენ, საიდანაც ევროპასა და სხვა კონტინენტებზე გავრცელდნენ.
სულ ცოტა ხნის წინ კი ოროზმანში მოხდა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა, სადაც 1 800 000 წლით დათარიღებული ნამარხები და უძველესი ადამიანის კვალი დაფიქსირდა. თუ რას ნიშნავს ეს, როგორი იყო ადამიანის ევოლუცია და რა როლი აქვს ამ ყველაფერში საქართველოსა და ადგილობრივ არქეოლოგებს პოდკასტში არქეოლოგ გიორგი ბიძინაშვილთან საუბრით ვარკვევთ.
წინ, წარსულისკენ. . .

Sep 16, 2021
Sep 16, 2021
1 hr 23 min
მომენტი, როდესაც მულტიპლანეტარულ სახეობად ვიქცევით, სულ უფრო რეალური ხდება. ყველა პროგნოზით, ამ მხრივ პირველი პლანეტა, რომელსაც ადამიანი დედამიწის შემდეგ აითვისებს მარსი იქნება. წითელი პლანეტის კოლონიზაციაზე მოწინავე სახელმწიფოები, უდიდესი კომპანიები და მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ფიქრობენ.
თუმცა, ბევრს მიაჩნია, რომ ეს არ იქნება უკანასკნელი პლანეტა, რომელსაც ადამიანი აითვისებს და მარსის შემდეგაც იქნება ახალი ციური სხეულები, რომლებიც ადამიანის ახალ სახლად იქცევა.
როდის მოხდება ახალი პლანეტების ათვისება და საერთოდ შესაძლებელია თუ არა ეს? რატომ არის მულტიპლანეტურ ცივილიზაციად ჩამოყალიბება მნიშვნელოვანი კაცობრიობისთვის და რას შეიძლება ეს ნიშნავდეს, როგორი შეიძლება იყოს კაცობრიობის მომავალი? ეს ის შეკითხვებია რაზეც პასუხის გაცემას პოდკასტში ვცდილობთ.
დღეს ჩემთან ერთად მწერალი, მუსიკოსი და პოსტჰუმანისტური იდეებით შეპყრობილი ჰომო საპიენსი, ზურა ჯიშჯარიანია.

Aug 31, 2021
Aug 31, 2021
2 hr 7 min
კოსმოსში ადამიანის მოგზაურობის ისტორია 60 წელზე მეტს ითვლის. 1961 წლის 12 აპრილს საბჭოთა კოსმონავტი, იური გაგარინი პირველი ადამიანი იყო, რომელიც კოსმოსში გავიდა. მას შემდეგ იყო სხვადასხვა თემატური მისიები, მათ შორის ადამიანის პირველი ნაბიჯები მთვარეზე.
დღეს მორიგი მსგავსი "პირველი ნაბიჯების" მოლოდინში ვართ და ამჯერად მარსზე. მარსის მისიის პარალელურად სულ უფრო აქტუალური ხდება კოსმოსური ტურიზმი. ამით კერძო სექტორიც აქტიურად ინტერესდება, არის საუბარი კოსმოსურ სასტუმროებზეც, რომლებიც პლანეტის ორბიტაზე განთავსდება.
დღევანდელ პოდკასტში ვსაუბრობთ კოსმოსზე და მის ათვისებაზე. მიმოვიხილავთ პირველ ნაბიჯებს, რომელიც კაცობრიობამ კოსმოსის ათვისების მხრივ გადადგა, ვისაუბრებთ თანამედროვე გამოწვევებზე და მომავლის პერსპექტივებზე. ვეცდებით გავიგოთ რამდენად რეალურია და როდისთვის უნდა ველოდოთ ნამდვილ "კოსმოსურ ტურიზმს".
პოდკასტის სტუმარია გიორგი მამალაძე, გამომგონებელი და პროგრამისტი, რომელიც ამჟამად მიუნხენში, კომპანია Siemens-ში მუშაობს და არის კოსმოსური ტურიზმის ენთუზიასტი.

Aug 28, 2021
Aug 28, 2021
1 hr 10 min
მე-19 საუკუნის ბოლოსკენ ასტრონომიას ციური სხეულების კვლევაში ფოტოგრაფიის სახით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოკავშირე შეემატა. ფოტოგრაფიამ დაგვანახა კოსმოსის ის მნიშვნელოვანი ნაწილი, რასაც აქამდე მხოლოდ მკვლევრები სწავლობდნენ.
ასტროფოტოგრაფიული ნამუშევრის შესრულება პირველად 1839 წელს ფრანგმა მეცნიერმა ლუი დაგერმა სცადა. მას მთვარის დაფიქსირება სურდა, თუმცა ნამუშევარზე დედამიწის თანამგზავრი ლაქად აისახა.
ფოტოტექნიკის დახვეწასთან ერთად ასტროფოტოგრაფია სულ უფრო ვითარდებოდა და ის სამეცნიერო დანიშნულებასთან ერთად, ხელოვნების დარგადაც იქცა.
დღეს უამრავი პროფესიონალი თუ მოყვარული ასტროფოტოგრაფი არსებობს, ისინი კოსმოსის და ციური სხეულების უნიკალურ გამოსახულებებს ქმნიან. ისინი ადამიანებს — ჩვენ კოსმოსის დანახვაში გვეხმარებიან.
პოდკასტში დღევანდელი სტუმარი ფოტოგრაფი ტბელ აბუსერიძეა — ვსაუბრობთ ასტროფოტოგრაფიაზე, მის როლზე მეცნიერებასა და ხელოვნებაში

Aug 18, 2021
Aug 18, 2021
1 hr 24 min
თუ ჰუმანიზმმა ადამიანი ზედა საფეხურზე აიყვანა, პოსტჰუმანიზმს მიაჩნია, რომ ჰომო საპიენსი ტექნოლოგიების შუამავლობით, სამყაროს ზნეობრივი იერარქიის სათავეში აღარ უნდა იყოს.
პოსტჰუმანისტები, რომლებსაც ზოგჯერ ტრანსჰუმანისტებსაც უწოდებენ, ამტკიცებენ, რომ მომდევნო საუკუნეში ადამიანი რადიკალურად შეიცვლება, ამისთვის კი იმპლანტებს, გენურ ინჟინერიას, ხელოვნურ ინტელექტს და ბევრ ისეთ ტექნოლოგიას გამოიყენებს, რაზეც ჩვენ ჯერ არ ვიცით. ეს სახეობის მიერ საკუთარი თავის გაუმჯობესება იქნება, რაც მას (ჩვენ), როგორც სიცოცხლის ფორმას საბოლოოდ შეცვლის.
ჩვენი სასაუბრო თემაც სწორედ ეს არის, ვეცდებით გავიგოთ თუ როგორი შეიძლება იყოს ჩვენი — ჰომო საპიენსების მომავალი. ამ ყველაფრის გარკვევას კი დღეს ჩემთან ერთად მწერალი, მუსიკოსი და პოსტჰუმანისტური იდეებით შეპყრობილი ადამიანი, ზურა ჯიშჯარიანი შეეცდება.

Jul 31, 2021
Jul 31, 2021
1 hr 14 min
2019 წლის დეკემბრიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც ვირუსი ჩინეთში დააფიქსირეს, COVID-19 სხვდასხვა ქვეყანაში გავრცელდა. ოფიციალური მონაცემებით დღემდე ვირუსით 200 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 4 მილიონზე მეტი დაიღუპა.
მას შემდეგ რაც გლობალური ვაქცინაცია ოფიციალურად დაიწყო, უკვე დღეს აცრები დაწყებულია ყველა კონტინენტზე, 213 ქვეყანასა და რეგიონში. მთლიანობაში გამოყენებულია 3,5 მილიარდზე მეტი დოზა.
საქართველოში ვაქცინაციის პროგრამა 15 მარტს დაიწყო. NCDC-ის მონაცემებით, საერთო ჯამში, 15 ივლისისთვის, ქვეყანაში გამოყენებულია 334 133 დოზა ვაქცინა, სრულად აცრილია 126 739 ადამიანი, ხოლო მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 207 394.
პოდკასტში ვსაუბრობთ კორონავირუსზე და ვაქცინაციაზე, განვიხილავთ, როგორც კორონავირუსის საწინააღმდეგო მსოფლიო ვაქცინაციას, ისე ამ მხრივ საქართველოში განვითარებულ პროცესებს.
ამ ყველაფრში ჩვენი დღევანდელი სტუმარი, სამეცნიერო ჟურნალისტი დიმიტრი ლიპარტელიანი დაგვეხმარება.
