Episodes

Saturday Nov 27, 2021
DataFest Tbilisi — 5 წელი მონაცემთა სამყაროში
Saturday Nov 27, 2021
Saturday Nov 27, 2021
DataFest Tbilisi არის პირველი ყოველწლიური საერთაშორისო მონაცემთა ფესტივალი სამხრეთ კავკასიაში, რომელიც აერთიანებს უამრავ საინტერესო ადამიანს, როგორც საქართველოდან ისე უცხოეთიდან.
ღონისძიებაზე სასაუბრო თემებია ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, სტარტაპ ინდუსტრია და რაც მთავარია მონაცემები — როგორც მას ეძახიან ციფრული სამყაროს ნავთობი.
ღონისძიება ჩვენს ქვეყანაში მეხუთედ ტარდება და მას უკვე თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მონაცემების ფესტივალი.
პოდკასტში სწორედ Data Fest-ზე ვსაუბრობთ, მიმოვიხილავთ როგორც ზოგადად ფესტივალის ისტორიას, ისე მის განვითარებას, აწმყოს და რაც მთავარია პერსპექტივებს. ჩვენი სტუმრები არიან ნინო მაჭარაშვილი და თეონა თომაშვილი Data Fest-ის საორგანიზაციო გუნდის წევრები.

Wednesday Nov 10, 2021
მეტავერსი — ინტერნეტის მომავალი
Wednesday Nov 10, 2021
Wednesday Nov 10, 2021
28 ოქტომებრს გახდა ცნობილი, რომ Facebook-ის ახალი სახელი Meta იქნება. (იცვლება მხოლოდ კომპანიის სახელი, მათ მიერ შექმნილი პროდუქტებს იგივე ერქმევა).
ერთი შეხედვით გაუგებარი ცვლილება პირდაპირ დაკავშირებულია მეტავერსთან. კომპანიას აქვს ამბიცია შექმნას მეტავერსი — ერთგვარი ციფრული რეალობა, სადაც ადამიანები ერთმანეთს შეგრძნებების დონეზე დაუკავშირდებიან. საუბარია ისეთ ვირტუალურ რეალობაზე, სადაც ადამიანები შეძლებენ თამაშს, კონცერტზე დასწრებას, შოპინგს, ბიზნესის კეთებას და თითქმის ყველაფერს (თუ მეტს არა) რასაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში ვაკეთებთ.
ეს ინტერნეტის მომავალია, სადაც ინფორმაციის ბრტყელი ეკრანებიდან მიღების ნაცვლად, შეგვეძლება, შიგნით, ვირტუალურ რეალობაში გადავიდეთ.
პოდკასტში სწორედ მეტავერსზე ვსაუბრობთ, ვცდილობთ გავიგოთ თუ როგორი იქნება ის და რა იქნება ინტერნეტის მომავალი. პოდკასტის სტუმარია ლადო მალაზონია, JWT Metro-ს სტრატეგიის ხელმძღვანელი.

Sunday Oct 31, 2021
ბიოარტი — მომავლის ხელოვნება
Sunday Oct 31, 2021
Sunday Oct 31, 2021
ბიოარტი ხელოვნების ახალი მიმდინარეობაა, რომელიც სულ რამდენიმე წელია არსებობს. ბიოარტის ფუნდამენტური განმასხვავებელი შემდეგია — ხელოვნების ნიმუში შეიძლება იყოს ცოცხალი. ის იბადება, იზრდება და კვდება — როგორც სხვა ცოცხალი ორგანიზმი.
ბიოარტი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სამეცნიერო კვლევებში. ხელოვნების ეს მიმდინარეობა პირდაპირ არის დაკავშირებული მეცნიერებასთან: ბიოლოგიასთან, გენურინჟინერიასთან, პროგრამირებასთან და სხვა სამეცნიერო დისციპლინებთან.
ეს ხელოვნება ძირითადად მზადდება ლაბორატორიებში, მას ინოვაციური და თანამედროვე ტექნოლოგიები სჭირდება და თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ მომავლის ხელოვნება.
პოდკასტში სწორედ ამ თემაზე ვსაუბრობთ. დღეს ჩვენთან ერთად მწერალი, მუსიკოსი და პოსტჰუმანისტური იდეებით შეპყრობილი ჰომო საპიენსი — ზურა ჯიშჯარიანია.

Monday Oct 25, 2021
FACEBOOK — პრობლემები, უსაფრთხოება და ამბიციები
Monday Oct 25, 2021
Monday Oct 25, 2021
ფეისბუქი 2004 წელს დაფუძნდა, დღეს სოციალური მედიის გიგანტს 3 მილიარდამდე მომხმარებელი ჰყავს და ის ასობით მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
თუმცა, წარმატებებთან ერთად არსებობს პრობლემები. 4 ოქტომბერს ფეისბუქი და მის მფლობელობაში არსებული ისეთი გიგანტი პლატფორმები, როგორებიცაა Messenger, Instagram და Whatsapp გლობალურად გაითიშა.
ამასთან, არსებობს უსაფრთხოების პრობლემები — ჩნდება შეკითხვა, რამდენად უსაფრთხოა ფეისბუქი და რამდენად დაცულია იქ ჩვენი ინფორმაცია?! პოდკასტში სწორედ ამაზე ვსაუბრობთ, განვიხილავთ როგორც სოციალური სოციალური მედიის ამბიციებს, ისე პრობლემებსა და უსაფრთხოების ფაქტორებს.
ჩვენი სტუმარი გიორგი იაშვილია, სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის ტექნიკური დირექტორი.

Monday Oct 18, 2021
ტვინი და ვიდეოთამაშები — რა იცვლება
Monday Oct 18, 2021
Monday Oct 18, 2021
პირველ ვიდეოთამაშად ითლება 1940 წელს შექმნილი თამაში სახელად მიმატრონი. ეს უზარმაზარი მანქანა იყო, რომელიც სათამაშო აპარატს ჰგავდა და მოთამაშეს სთავაზობდა კომპიუტერთან ერთად ნათურის ჩაქრობას.
დღეს ვიდეოთამაშების ინდუსტრია 160 მილიარდ დოლარზე მეტად ფასდება.
როგორც კვლევები და ტვინზე დაკვირვებები აჩვენებს, ვიდეოთამაშები ჩვენს ტვინებს გადაწყვეტილების უფრო სწრაფად მიღებაში, თავსატეხების ამოხსნასა და მოტორიკაში აქტიურად ავარჯიშებს. ამის ფონზე არ წყდება მითები, თუ საფუძვლიანი ეჭვები, რის მიხედვითაც ვიდეოთამაშები ჩვენს ტვინებს აზიანებს.
პოდკასტში სწორედ ამის გარკვევას შევეცდებით, ვისაუბრებთ ვიდეოთამაშებზე, ტვინზე და იმაზე თუ როგორ ცვლის ეს ორი ერთმანეთს. ამაში კი ჩვენი დღევანდელი სტუმარი გოჩა გოლუბიანი დაგვეხმარება — ბიოლოგი და ვიდეოთამაშების დიდი ენთუზიასტი.

Thursday Sep 30, 2021
გლობალური დათბობა — როგორ იცვლება კლიმატი
Thursday Sep 30, 2021
Thursday Sep 30, 2021
გლობალური დათბობა დედამიწის ზედაპირის, ატმოსფეროსა და ოკეანის საშუალო წლიური ტემპერატურის ზრდის პროცესია. მასში დედამიწის კლიმატური სისტემის საშუალო ტემპერატურის გრძელვადიანი მატება იგულისხმება.
კლიმატის ცვლილების ექსპერტთა ჯგუფის თანახმად, ბუნებრივი ფაქტორების გარდა ადამიანის ზემოქმედება კლიმატზე XX საუკუნის შუა პერიოდიდან მოყოლებული გლობალური დათბობის დომინანტური ფაქტორია.
ამის ფონზე ჩვენ უკვე დადასტურებულად ვიცით, რომ 1880 წლიდან მოყოლებული დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა 1 გრადუსით გაიზარდა. ერთი შეხედვით ეს დიდი არაფერია, მაგრამ რეალურად ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათოა. მეტიც, 21-ე საუკუნიდან მოყოლებული საშუალოდ თითქმის ყოველი წელი, წინა წელთან შედარებით უფრო ცხელია.
რას ნიშნავს ეს, რაზე აისახება გლობალური დათბობა, რა პროცესები იწვევს მას და როგორ მოქმედებს ის ჩვენზე, პლანეტაზე და რა უნდა დავუპირისპიროთ მას? პოდკასტში სწორედ ამ შეკითხვებზე პასუხის მიღებას ვცდილობთ, ამ ყველაფერში კი ჩვენი სტუმარი Next.on.ge-ის სამეცნიერო ჟურნალისტი და გარემოს დაცვითი აქტივისტი, ანანო მჭედლიშვილი გვეხმარება.

Tuesday Sep 28, 2021
ადამიანის ევოლუცია — ქართველი არქეოლოგები უძველესი ადამიანის კვალზე
Tuesday Sep 28, 2021
Tuesday Sep 28, 2021
ჰომო საპიენსი (ჩვენ) დაახლოებით 200 000 წელია რაც არსებობს. დღეს ჩვენ ვქმნით ცივილიზაციებს, ქალაქებს, ვფიქრობთ კოსმოსის ათვისებაზე, რადგან პლანეტაზე თითქმის აღარ დარჩა ადგილი, სადაც ფეხი არ დაგვიდგამს, მაგრამ ოდესღაც დედამიწაზე სხვა "ადამიანებიც" დააბიჯებდნენ.
ადამიანის ისტორია და ევოლუცია ბევრად უფრო საინტერესო და მრავალფეროვანია, ვიდრე ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. ჰომო საპიენსამდე, ბევრად უფრო ადრე იყვნენ ჰომო ჰაბილისები, ჰომო ერექტუსები, ნეანდერტალელები — არქეოლოგების აზრით, იყო დრო, როდესაც ადამიანის სულ მცირე, ექვსი სახეობა ცხოვრობდა ერთდროულად. მათგან მხოლოდ ჩვენი სახეობა – ჰომო საპიენსი – გადარჩა.
დღეს ჩვენ გადარჩენილები ვიკვლევთ საკუთარ ისტორიას, წარსულს და ევოლუციას. 1999-2005 წლებში სწორედ საქართველოში — დმანისში აღმოაჩინეს ჰომო ერექტუსები, ზეზვა და მზია. ეს მტკიცებულებაა, რომ აფრიკიდან წამოსული ადამიანის უძველესი წინაპრები დღევანდელ საქართველოში სახლობდნენ, საიდანაც ევროპასა და სხვა კონტინენტებზე გავრცელდნენ.
სულ ცოტა ხნის წინ კი ოროზმანში მოხდა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა, სადაც 1 800 000 წლით დათარიღებული ნამარხები და უძველესი ადამიანის კვალი დაფიქსირდა. თუ რას ნიშნავს ეს, როგორი იყო ადამიანის ევოლუცია და რა როლი აქვს ამ ყველაფერში საქართველოსა და ადგილობრივ არქეოლოგებს პოდკასტში არქეოლოგ გიორგი ბიძინაშვილთან საუბრით ვარკვევთ.
წინ, წარსულისკენ. . .

Thursday Sep 16, 2021
მულტიპლანეტარული ცივილიზაცია — კაცობრიობის მომავალი
Thursday Sep 16, 2021
Thursday Sep 16, 2021
მომენტი, როდესაც მულტიპლანეტარულ სახეობად ვიქცევით, სულ უფრო რეალური ხდება. ყველა პროგნოზით, ამ მხრივ პირველი პლანეტა, რომელსაც ადამიანი დედამიწის შემდეგ აითვისებს მარსი იქნება. წითელი პლანეტის კოლონიზაციაზე მოწინავე სახელმწიფოები, უდიდესი კომპანიები და მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ფიქრობენ.
თუმცა, ბევრს მიაჩნია, რომ ეს არ იქნება უკანასკნელი პლანეტა, რომელსაც ადამიანი აითვისებს და მარსის შემდეგაც იქნება ახალი ციური სხეულები, რომლებიც ადამიანის ახალ სახლად იქცევა.
როდის მოხდება ახალი პლანეტების ათვისება და საერთოდ შესაძლებელია თუ არა ეს? რატომ არის მულტიპლანეტურ ცივილიზაციად ჩამოყალიბება მნიშვნელოვანი კაცობრიობისთვის და რას შეიძლება ეს ნიშნავდეს, როგორი შეიძლება იყოს კაცობრიობის მომავალი? ეს ის შეკითხვებია რაზეც პასუხის გაცემას პოდკასტში ვცდილობთ.
დღეს ჩემთან ერთად მწერალი, მუსიკოსი და პოსტჰუმანისტური იდეებით შეპყრობილი ჰომო საპიენსი, ზურა ჯიშჯარიანია.

Tuesday Aug 31, 2021
კოსმოსი და ადამიანი — მეცნიერება და ტურიზმი
Tuesday Aug 31, 2021
Tuesday Aug 31, 2021
კოსმოსში ადამიანის მოგზაურობის ისტორია 60 წელზე მეტს ითვლის. 1961 წლის 12 აპრილს საბჭოთა კოსმონავტი, იური გაგარინი პირველი ადამიანი იყო, რომელიც კოსმოსში გავიდა. მას შემდეგ იყო სხვადასხვა თემატური მისიები, მათ შორის ადამიანის პირველი ნაბიჯები მთვარეზე.
დღეს მორიგი მსგავსი "პირველი ნაბიჯების" მოლოდინში ვართ და ამჯერად მარსზე. მარსის მისიის პარალელურად სულ უფრო აქტუალური ხდება კოსმოსური ტურიზმი. ამით კერძო სექტორიც აქტიურად ინტერესდება, არის საუბარი კოსმოსურ სასტუმროებზეც, რომლებიც პლანეტის ორბიტაზე განთავსდება.
დღევანდელ პოდკასტში ვსაუბრობთ კოსმოსზე და მის ათვისებაზე. მიმოვიხილავთ პირველ ნაბიჯებს, რომელიც კაცობრიობამ კოსმოსის ათვისების მხრივ გადადგა, ვისაუბრებთ თანამედროვე გამოწვევებზე და მომავლის პერსპექტივებზე. ვეცდებით გავიგოთ რამდენად რეალურია და როდისთვის უნდა ველოდოთ ნამდვილ "კოსმოსურ ტურიზმს".
პოდკასტის სტუმარია გიორგი მამალაძე, გამომგონებელი და პროგრამისტი, რომელიც ამჟამად მიუნხენში, კომპანია Siemens-ში მუშაობს და არის კოსმოსური ტურიზმის ენთუზიასტი.

Saturday Aug 28, 2021
ასტროფოტოგრაფია — როგორ დავინახოთ კოსმოსი
Saturday Aug 28, 2021
Saturday Aug 28, 2021
მე-19 საუკუნის ბოლოსკენ ასტრონომიას ციური სხეულების კვლევაში ფოტოგრაფიის სახით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოკავშირე შეემატა. ფოტოგრაფიამ დაგვანახა კოსმოსის ის მნიშვნელოვანი ნაწილი, რასაც აქამდე მხოლოდ მკვლევრები სწავლობდნენ.
ასტროფოტოგრაფიული ნამუშევრის შესრულება პირველად 1839 წელს ფრანგმა მეცნიერმა ლუი დაგერმა სცადა. მას მთვარის დაფიქსირება სურდა, თუმცა ნამუშევარზე დედამიწის თანამგზავრი ლაქად აისახა.
ფოტოტექნიკის დახვეწასთან ერთად ასტროფოტოგრაფია სულ უფრო ვითარდებოდა და ის სამეცნიერო დანიშნულებასთან ერთად, ხელოვნების დარგადაც იქცა.
დღეს უამრავი პროფესიონალი თუ მოყვარული ასტროფოტოგრაფი არსებობს, ისინი კოსმოსის და ციური სხეულების უნიკალურ გამოსახულებებს ქმნიან. ისინი ადამიანებს — ჩვენ კოსმოსის დანახვაში გვეხმარებიან.
პოდკასტში დღევანდელი სტუმარი ფოტოგრაფი ტბელ აბუსერიძეა — ვსაუბრობთ ასტროფოტოგრაფიაზე, მის როლზე მეცნიერებასა და ხელოვნებაში

