
44.7K
Downloads
120
Episodes
შემდეგი პოდკასტი NEXT.On.ge-სგან
Episodes

Jun 3, 2022
Jun 3, 2022
1 hr 15 min
მზის სისტემა ვარსკვლავის გარშემო მოძრავი გრავიტაციულად ჩაჭერილი ასტრონომიული ობიექტებისაგან შედგება. ამ სისტემის ფორმირება 4,6 მილიარდი წლის წინ, მოლეკულური ღრუბლისგან მოხდა.
სისტემის მასის უმეტესობას (99,86%) მზეზე მოდის. ჩვენი პლანეტა დედამიწა მზის გარშემო მბრუნავი ერთ-ერთი პლანეტაა. ერთი შეხედვით ეს სისტემა იდეალურად მუშაობს, მაგრამ როგორ გაჩნდა ის, როგორი იყო მზე და პლანეტები თავის პირველ წლებში, რა ფუნქცია აქვთ პლანეტების თანამგზავრებს (მთვარეებს) და რა არის მზის სისტემის მომავალი.
პოდკასტში სწორედ ამ თემაზე ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმარია ფიზიკოსი გიორგი ხომერიკი.

May 31, 2022
May 31, 2022
1 hr 11 min
რობოტიკის განვითარებასთან ერთად სულ უფრო აქტიურად მიმდინარეობს ავტომატიზაცია. რუტინულ სამუშაოებში ადამიანს მანქანები ანაცვლებს, რითაც ჩქარდება განვითარება და წარმოება.
ავტომატიზაცია მოიცავს ტექნოლოგიების ფართო სპექტრს, სადაც ადამიანების ფიზიკური ჩართულობა სულ უფრო მცირდება და ეს რობოტიკაზე დამოკიდებული ხდება.
პროგრესის პარალელურად ჩნდება შეკითხვები სადამდე გაგრძელდება ავტომატიზაცია და როგორი იქნება მომავლის პროფესიები.
პოდკასტის 59-ე ეპიზოდში ვსაუბრობთ რობოტიკასა და ავტომატიზაციაზე — მიმოვიხილავთ პერსპექტივებს და შევეცდებით გავიგოთ თუ როგორი იქნება მომავალი. ჩვენი სტუმარია გიორგი მამალაძე, გამომგონებელი და პროგრამისტი, რომელიც ამჟამად მიუნხენში, კომპანია Siemens-ში მუშაობს.

May 26, 2022
May 26, 2022
1 hr 1 min
დიდი ადრონული კოლაიდერი (LHC) მსოფლიოში უდიდესი და ყველაზე ძლიერი ნაწილაკების ამაჩქარებელია. ის 2008 წლიდან ფუნქციონირებს და დღემდე კაცობრიობას უდიდესი აღმოჩენები მოუტანა. LHC შედგება ზეგამტარი მაგნიტების რგოლისგან და აქვს მრავალი მოწყობილობა.
კოლაიდერი ცენრნში, საფრანგეთ-შვეიცარიის საზღვარზე ჟენევასთანაა ახლოს და ის მიწისქვეშ 27 კილომეტრზეა გადაჭიმული. კოლაიდერი მუდმივად ახლდება, ის ახლაც მოდიფიკაციას გადიოდა და 3 წლიანი შესვენების შემდეგ, მეცნიერები ახალი ექსპერიმენტებით შეეცდებიან გაიგონ თუ რა არის ბნელი მატერია, როგორია ნაწილაკების როლი და რაც მთავარია, რატომ გაჩნდა სამყარო.
პოდკასტსში სწორედ ამ თემებზე ვსაუბრობთ, ჩვენი სტუმარია შოთა ცისკარიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და გამოთვლითი ცენტრის სამეცნიერო დირექტორი.

Apr 30, 2022
Apr 30, 2022
1 hr 5 min
ადამიანის ისტორია და ევოლუცია ბევრად უფრო საინტერესო და მრავალფეროვანია, ვიდრე ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. ჩვენამდე — ჰომო საპიენსამდე, იყვნენ ჰომო ჰაბილისები, ჰომო ერექტუსები და სხვა. არქეოლოგების აზრით, იყო დრო, როდესაც ადამიანის სულ მცირე, ექვსი სახეობა ცხოვრობდა ერთდროულად.
დღეს ჩვენ გადარჩენილები ვიკვლევთ საკუთარ ისტორიას, წარსულს და ევოლუციას. 1999-2005 წლებში სწორედ საქართველოში — დმანისში აღმოაჩინეს ჰომო ერექტუსები. ეს მტკიცებულებაა, რომ აფრიკიდან წამოსული ადამიანის უძველესი წინაპრები დღევანდელ საქართველოში სახლობდნენ, საიდანაც ევროპასა და სხვა კონტინენტებზე გავრცელდნენ.
პოდკასტის 56-ე ეპიზოდში ვსაუბრობთ დმანისში მცხოვრებ ადრეულ ადამიანებზე და იმაზე თუ როგორ ცხოვრობდნენ ისინი. ჩვენი სტუმარია ანა მარგველაშვილი, მკვლევარი და პალეოანთროპოლოგი.

Apr 26, 2022
Apr 26, 2022
1 hr 21 min
პირველი პრიმიტიული "სასროლი იარაღი", იგივე ატლატლი 30 000 წელზე მეტით ხნით თარიღდება და მშვილდის წინაპრად ითვლება. უშუალოდ ომისთვის სპეციალიზებული ტექნოლოგიის ყველაზე ადრეული მტკიცებულება კი იერიხონის ქვის კედლებია, რომელიც დაახლოებით 10 000 წლის წინ არის აგებული.
ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად შეიარაღებაც ვითარდებოდა და ის სულ უფრო ლეტალური ხდებოდა. უკვე დღეს ადამიანებს ისეთი იარაღი გვაქვს რის გამოყენებასაც პლანეტაზე სიცოცხლის დასრულებაც კი შეუძლია. ამის პარალელურად ჩნდება ფრონტის ახალი ხაზები, ისეთი როგორიც კიბერუსაფრთხოება და ჰაკერული ომია.
პოდკასტში ვსაუბრობთ ომის ევოლუციაზე და იმაზე თუ როგორ იცვლებოდა ის ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად. ჩვენი სტუმარია გიორგი ანთაძე, ჯეოქეისის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებების ხელმძღვანელი.

Apr 21, 2022
Apr 21, 2022
55 min
ლაბორატორიული ხორცი, როგორც სიტყვა გვეუბნება ლაბორატორიაში წარმოებული საკვებია, რომელიც ქსოვილის მცირე ნიმუშის დამუშავებით იზრდება. უჯრედები, რომლებსაც ლაბორატორიებში ზრდიან, ზუსტად ისეთივეა, როგორც მაგალითად ძროხის კუნთოვან სისტემაში.
უჯრედებს ჯანმრთელი ცხოველისგან იღებენ (ცხოველი პროცესში არ კვდება) და მას საჭირო ნივთიერებებით კვებავენ, მანამ სანამ გაყოფასა და ზრდას არ დაიწყებენ. ამ პროცესს, დაახლოებით, 3 კვირა სჭირდება.
ლაბორატორიაში მოყვანილი ხორცი, ტრადიციული გზით მიღებულთან შედარებით, 80%-ით ნაკლებ სათბურის აირებს გამოსცემს, 99%-ით ნაკლებ მიწას იკავებს და 96%-ით ნაკლებ წყალს მოიხმარს.
პროდუქტის მიღების პროცესი 20-ჯერ უფრო სწრაფია და იმაზე იაფია, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო.
პოდკასტში სწორედ ამ თემებზე ვსაუბრობთ, ვცდილობთ გავიგოთ, როგორი იქნება საკვების მომავალი. ჩვენი სტუმარია Next.On.ge-ის სამეცნიერო ჟურნალისტი ანანო მჭედლიშვილი.

Apr 5, 2022
Apr 5, 2022
1 hr 7 min
ჩვენთვის ხილული სამყარო; დედამიწა, მზე, სხვა ვარსკვლავები თუ გალაქტიკები ატომებისგან შედგება. ეს ყველაფერი ერთად მთელი სამყაროს მასის 5%-მდეა. დანარჩენი უხილავი ნაწილი — სრული მასის დაახლოებით 67% ბნელ ენერგიაზე, ხოლო 27% ბნელ მატერიაზე მოდის. ისინი ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობი სუბსტანციებისგან შედგება.
ბნელი მატერია არ ურთიერთქმედებს ხილულ მატერიასთან და სრულიად უხილავია ნებისმიერი ტიპის ელექტრომაგნიტურ გამოსხივებაში. მიუხედავად ამისა, მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ ის არსებობს, რადგან ამით იხსნება შესამჩნევი გრავიტაციული ეფექტი გალაქტიკებსა და გალაქტიკათგროვებზე. ბნელი ენერგია კიდევ უფრო შეუცნობელია. ის ბნელი მატერიის საპირისპიროდ აღიქმება და სამყაროს გაფართოების აჩქარებასთანაა დაკავშირებული.
პოდკასტში ბნელ მეტერიასა და ბნელ ენერგიაზე ვსაუბრობთ. განვიხილავთ იმას თუ რა არის სამყაროს უხილავი 95% და რა როლი შეიძლება ჰქონდეს მას სამყაროზე, ან გინდაც ჩვენზე — 5%-ზე. პოდკასტის სტუმარია Carnegie Mellon-ისა და ილიას სახელმწიფო უნივესიტეტის პროფესორი, ფიზიკოსი თინათინ კახნიაშვილი.

Mar 31, 2022
Mar 31, 2022
1 hr 2 min
ტრანზისტორის გამოგონების შემდეგ, მათი რაოდენობა, სტაბილურად იზრდება, რამაც ბოლო 70 წლის განმავლობაში გამოთვლითი სიმძლავრის ექსპონენციალური ზრდა გამოიწვია. თუმცა, არსებობს გამოწვევა და ეს ტრანზისტორების ზომაში დაპატარავებაა. 2022 წლის მურის კანონის პრობლემაც ესაა, ტრანზისტორის ზომა ახლა უკვე იმდენად მცირეა, რომ უბრალოდ მათი დაპატარავება აღარ შეგვიძლია — ეს კი ტექნოლოგიების პროგრესს საფრთხე უქმნის.
პოდკასტში ტრანზისტორებზე და მურის კანონის დასასრულზე ვსაუბრობთ. ვცდილობთ გავიგოთ, თუ რა იქნება ტრანზისტორების ეპოქის შემდეგ. ჩვენი სტუმარია დავით ჩეჩელაშვილი, ანტერპრენიორი, რომელიც საქართველოში ტექნოლოგიებისა და სტარტაპების განვითარებაზე მუშაობს.

Mar 29, 2022
Mar 29, 2022
1 hr 19 min
სახელმწიფო მნიშვნელობის მონაცემების უმეტესობა კომპიუტერებში ინახება. ციფრულ სისტემებშია თავმოყრილი ბანკების, ტრანსპორტის, სატელიტების, საკომუნიკაციო არხებისა თუ მედიის მართვის სადავეებიც. შესაბამისად, მათი სამიზნეში ამოღებით სხვადასხვა ქვეყნისთვის სერიოზული ზიანის მიყენებაა შესაძლებელი.
დღეს ფრონტის ხაზი ციფრულ სამყაროზეც გადის. ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში რუსეთმა დაიწყო უკრაინული ვებსაიტების წინააღმდეგ შეტევა. თავდასხმები მიზნად ისახავდა უკრაინის საბანკო და თავდაცვის ვებგვერდებს დაბლოკვას.
ამის პარალელურად, უკრაინულმა მხარემ კიბერსივრცეში გამოიყენა მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც კოორდინირებულია სოციალური მედიისა და ტელეგრამის არხებით. აღსანიშნავია მსოფლიოში ყველაზე მეტად ცნობილი ჰაკერული დაჯგუფება ანონიმუსიც, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას ღიად დაუპირისპირდა.
პოდკასტში სწორედ ამ თემებზე ვსაუბრობთ, ვცდილობთ გავიგოთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღეს კიბერუსაფრთხოება და რა როლი შეიძლება ჰქონდეს მას ომში. ჩვენი სტუმარია ნინო გამისონია, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი.

Feb 28, 2022
Feb 28, 2022
1 hr 29 min
მედია მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალებების ერთობლიობაა. ციფრული სამყაროსა და ტექნოლოგიების ეპოქაში მისი ძალა იმაზე დიდია ვიდრე ეს ოდესმე. დღეს მედია პირდაპირ დაკავშირებულია ტექნოლოგიების განვითარებასთან და შესაბამისად გარდაიქმნება. სწორედ ეს განსაზღვრავს ინფორმაციის გავრცელების სისწრაფეს — მტრედებიდან ინტერნეტამდე.
ამის ფონზე სულ უფრო მეტი ძალა ცდილობს მედიით მანიპულირებას და ინფორმაციის თავის სასარგებლოდ წარმოჩინებას. ამის მაგალითია რუსეთის მიერ სამთავრობო მედიის გამოყენება და ამით აგრესიის გამართლების მცდელობა.
პოდკასტში ვსაუბრობთ მედიისა და ტექნოლოგიების კავშირზე. ამასთან, ვმსჯელობთ საინფორმაციო ომზე და იმაზე თუ როგორ იყენებენ მას სხვადასხვა ძალები (რუსეთი) ისეთ ფართო მასშტაბიან კონფლიქტში როგორიც რუსეთ უკრაინის ომია.
ჩვენთან ერთად არის ჟურნალისტი და მედიაჩეკერის რედაქტორი გიორგი გოგუა.
