
44.6K
Downloads
120
Episodes
შემდეგი პოდკასტი NEXT.On.ge-სგან
Episodes

Jul 11, 2023
Jul 11, 2023
1 hr 11 min
ისტორიაში პირველად, ირმის ნახტომის ცენტრიდან მომავალი ნეიტრინოს ემისია დააფიქსირეს.
ნეიტრინოს აქვს უნარი შეუმჩნევლად გაიაროს ყოველგვარ მასაში. ამის გამო მას ზედმეტსახელად "მოჩვენება ნაწილაკებიც" კი უწოდეს. ისინი ფაქტიურად უცვლელი რჩება და შორეული კოსმოსური მოვლენების შესასწავლად იდეალურია.
კვლევის შედეგად ირმის ნახტომის ე.წ. ნეიტრინო რუკაც შეიქმნა. ამ ყველაფერში კი ქართველი მეცნიერი — გიორგი ჯაფარიძეც მონაწილეობდა.
შემდეგი პოდკასტის 79-ე ეპიზოდში სწორედ ამაზე ვსაუბრობთ. პოდკასტში გიორგი ჯაფარიძე გვიყვება კვლევის მნიშვნელობასა და დეტალებზე.

Jun 25, 2023
Jun 25, 2023
45 min
6 ივნისს, გამთენიისას, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ნოვა კახოვკას ჰესი დააზიანეს.
ოფიციალური მონაცემებით, ათობით ადამიანი დაიღუპა, ათიათასობით ადამიანი სუფთა წყლის გარეშე დარჩა, დაინგრა სახლები და დაიტბორა მიწები.
ექსპერტებმა მოვლენას ეკოციდი უკვე უწოდეს. რაც კიდევ უფრო საგანგაშოა, ჰესის აფეთქებამ საბოლოოდ შავ ზღვაზეც უარყოფითად იმოქმედა.
ჩნდება შეკითხვები, რამდენად უსაფრთხოა შავი ზღვა ახლა და როგორი იქნება ის მომავალში. ეს შეკითხვა აქტუალურია საქართველოშიც.
შემდეგი პოდკასტის 78-ე ეპიზოდში სწორედ ამ თემაზე ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმარია სახეობათა კონსერვაციის ცენტრ "ნაკრესის" წარმომადგენელი და ჯიპას უნივერსიტეტის პროფესორი, კახა არცივაძე.

Jun 2, 2023
Jun 2, 2023
1 hr 15 min
ტიკტოკმა რეკორდულ დროში მოახერხა მსოფლიოს დაპყრობა. დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია. სოციალური ქსელის მომხმარებლების რაოდენობა მუდმივად იზრდება და ბევრს ის ყველაზე პერსპექტიულ პლატფორმად მიაჩნია.
თუმცა, წარმატების პარალელურად ტიკტოკი შეკითხვებს აჩენს. შეკითხვები განსაკუთრებით უსაფრთოხებასთან არის დაკავშირებული. აშშ-ში TikTok-ის აკრძალვა სურთ. სენატში კომპანიის აღმასრულებელი დირექტორიც კი დაკითხეს.
და მაინც, რატომ შეიძლება აიკრძალოს ტიკტოკი და რა არის ის საკითხები რაც ტიკტოკის მიმართ შეკითხვებს აჩენს? შემდეგი პოდკასტის 78-ე ეპიზოდში სწორედ ამ თემაზე ვსაუბრობთ.
ჩვენი სტუმარია Next.on.ge-ის ტექნოლოგიური ჟურნალისტი, თორნიკე კიკნაძე.

May 20, 2023
May 20, 2023
1 hr 51 min
გრავიტაციული ტალღა სივრცე-დროის ტალღისებური ცვლილებაა. როდესაც კოლოსალურად მასიური სხეულები სწრაფად და აჩქარებით მოძრაობენ ერთმანეთის გარშემო (ორი შავი ხვრელი), წარმოიქმნება გრავიტაციული ტალღები.
გრავიტაციული ტალღების არსებობა პირველად ფარდობითობის თეორიამ იწინასწარმეტყველა. უკვე 2015 წელს, ასი წლის თავზე, მათი პირველად დაფიქსირება მოხდა.
გრავიტაციული ტალღების მეცნიერულ გაგებას მთლიანად სამყაროს აღქმის შეცვლა შეუძლია. ეს შეიძლება დაგვეხმაროს იმის გაგებაში თუ რა ხდება შავ ხვრელებში, რა არის ბნელი ენერგია-ბნელი მატერია და რაც მთავარია, რა ხდებოდა სამყაროს გაჩენის მომენტში.
შემდეგი პოდკასტის 77-ე ეპიზოდში გრავიტაციულ ტალღებზე ვსაუბრობთ. ვცდილობთ გავიგოთ თუ როგორი იქნება მეცნიერებისა და ჩვენი ცივლიზაციის მომავალი — რისი აღქმა შეგვეძლება.
ჩვენი სტუმარია ფიზიკოსი ბექა მოდრეკილაძე.

May 7, 2023
May 7, 2023
1 hr 20 min
იუპიტერი მზის სისტემის ყველაზე დიდი პლანეტაა. ის გაზის გიგანტების ტიპს მიეკუთვნება — გიგანტი მასით მზის სისტემის ყველა დანარჩენ პლანეტათა მასათა ჯამს 2.5-ჯერ აღემატება.
იუპიტერს შეუმდგარ ვარსკვლავსაც ეძახიან. პლანეტის თანამგზავრების რაოდენობა დაახლოებით ასია. რაც მთავარია, თანამგზავრებზე შეიძლება სიცოცხლეც კი იყოს. ეს კი იუპიტერის მიმართ ინტერესს აასმაგებს. შესაბამისად, იუპიტერისა და მისი მთვარეების შემსწავლელი მისიები დღეს ისეთი აქტუალურია, როგორც არასდროს.
შემდეგი პოდკასტის 76-ე ეპიზოდში იუპიტერზე, მის მთვარეებსა და შესაბამის კოსმოსურ მისიებზე ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმარია ფიზიკოსი ლადო რაზმაძე.

Apr 26, 2023
Apr 26, 2023
52 min
Open AI-ის ჩეთბოტმა ChatGPT-იმ ჩაშვებიდან მალევე მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიქცია. ადამიანები მას კითხვებს უსვამენ, ესაუბრებიან და ეს პროცესი იმდენად ბუნებრივი, ინტერაქციული და საინტერესოა, რომ ჩეთბოტმა ყველა რეკორდი მოხსნა.
პასუხების გაცემის, სონეტების წერის, წერილების შედგენისა და ალგორითმით გენერირებული ესეების წარმოების გარდა ჩეთბოტს უამრავი რამ შეეძლო. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის და 14 მარტს ჩეთოტის შემქმნელებმა ახალი ვერსია — GPT-4 წარადგინეს.
განახლებული ვერსია ბევრად მძლავრია და რაც მთავარია, კიდევ უფრო მულტიფუნქციურია. ის თუ რა შეუძლია მას და რას უნდა ველოდოთ, ამაზე შემდეგი პოდკასტის 75-ე ეპიზოდში ვსაუბრობთ.
ჩვენი სტუმარია დეველოპერი და კომპიუტერული ინჟინერი თემურ ჩიჩუა.

Dec 29, 2022
Dec 29, 2022
37 min
13 დეკემბერს შევიტყვეთ, რომ ლოურენს ლივერმორის ეროვნული ლაბორატორიის (LLNL) მეცნიერებმა თერმობირთვული სინთეზის მხრივ უმნიშვნელოვანეს პროგრესს მიაღწიეს.
თერმობირთვული შერწყმა არის რეაქცია, რომელიც ხდება ვარსკვლავების გულებში. ასეთ დროს ორი ბირთვი ერწყმება ერთმანეთს და ერთ უფრო მძიმე ბირთვს წარმოქმნის. ეს არ გამოყოფს სათბურის აირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიღებთ პოტენციურად სუფთა ენერგიის წყაროს.
ასეთი სინთეზი არის ენერგიის დომინანტური წყარო სამყაროში ვარსკვლავებისთვის. ის ასევე არის ენერგიის პოტენციური წყარო დედამიწაზე. თუ მეცნიერები შეძლებენ გაარკვიონ, როგორ მიიღონ მეტი ენერგია რეაქციისგან ეს სრულიად რევოლუციური იქნება. პოდკასტში სწორედ ამ თემებს განვიხილავთ და ვეცდებით გავიგოთ თუ როგორი პოტენციალი აქვს თერმობირთვულ სინთეზს.
შემდეგი პოდკასტის 74-ე ეპიზოდში ჩვენი სტუმარია ფიზიკოსი ირაკლი ჯოხაძე.

Dec 21, 2022
Dec 21, 2022
59 min
ხელოვნური ინტელექტის მქონე ახალმა ჩეთბოტმა, ChatGPT-მ, ბოლო რამდენიმე დღეში მთელი ინტერნეტის ყურადღება მიიქცია. ადამიანები მას კითხვებს უსვამენ, ესაუბრებიან და ეს პროცესი იმდენად ბუნებრივი, ინტერაქციული და საინტერესოა, რომ 5 დღეში ჩეთბოტს უკვე რამდენიმე მილიონი მომხმარებელი ჰყავდა.
პასუხების გაცემის, სონეტების წერის, წერილების შედგენისა და ალგორითმით გენერირებული ესეების წარმოების გარდა ჩეთბოტს კიდევ ბევრი რამე შეუძლია. და მაინც, რა არის ChatGPT, რომელზეც ყველა საუბრობს, და შეუძლია თუ არა მას Google-ის ჩანაცვლება? — ეს ის თემებია, რომლებზეც პოდკასტში ვსაუბრობთ.
შემდეგი პოდკასტის 73-ე ეპიზოდში ჩვენი სტუმარია დეველოპერი თემურ ჩიჩუა.

Nov 30, 2022
Nov 30, 2022
1 hr 12 min
გასულ საუკუნეში ცხოველთა ასობით უნიკალური სახეობა სამუდამოდ გადაშენდა. მეცნიერების დაკვირვებით, დედამიწაზე ამჟამად მიმდინარე მასობრივი გადაშენების პროცესი ჩქარდება. მეტიც, ამჯერად ასობით მეტი სახეობის სამუდამოდ გაქრობას შეიძლება, სულ რამდენიმე ათწლეული წელი დასჭირდეს.
რა როლი გვაქვს ამ პროცესებში ჩვენ, რამდენად იცლება ეკოსისტემა და როგორ აისახება ეს ყველაფერი პოპულაციებში მიმდინარე პროცესებზე — ეს ის თემებია, რომლებზეც პოდკასტში ვსაუბრობთ.
შემდეგი პოდკასტის 72-ე ეპიზოდში ჩვენი სტუმარია ბიოგეოგრაფი ლუკა ქოქიაშვილი.

Nov 25, 2022
Nov 25, 2022
45 min
გამოგონება კაცობრიობის ერთ-ერთი მთავარი იარაღია და მასზე ჩვენი პროგრესია დამოკიდებული. დროსთან ერთად გამოგონებების როლი სულ უფრო დიდია და მისი საჭიროებაც იზრდება. დღეს გამომგონებლობა მომავლის პროფესიაც შეიძლება იყოს და საკმაოდ პერსპექტიულიც.
შემდეგი პოდკასტის 71-ე ეპიზოდში ვსაუბრობთ გამომგონებლობაზე და იმაზე თუ რა როლი აქვს მას თანამედროვე სამყაროში. ჩვენი სტუმარია მიხეილ კოტიშაძე საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი და საგამომგონებლო ცენტრის დამფუძნებელი.
