
44.6K
Downloads
120
Episodes
შემდეგი პოდკასტი NEXT.On.ge-სგან
Episodes

Dec 5, 2023
Dec 5, 2023
36 min
ცოტა ხნის წინ შევიტყვეთ, რომ საქართველო უკვე იმ ქვეყნების სიაშია, სადაც Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტია ხელმისაწვდომი.
Starlink მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე თანამგზავრული ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ინტერნეტს მთელ მსოფლიოში.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადგილებისთვის, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია. შემდეგი პოდკასტის 89-ე ეპიზოდში ვსაუბრობთ Starlink-ზე და იმაზე თუ როგორი შეიძლება იყოს ინტერნეტის მომავალი.
ჩვენი სტუმარია პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი, გიორგი ლუბარეცი.

Nov 30, 2023
Nov 30, 2023
1 hr 20 min
ტელესკოპი ბერძნული სიტყვაა და ის შორს ხედვას ნიშნავს. პირველი ასეთი ხელსაწყო ჰოლანდიაში, მე-17 საუკუნის დასაწყისში შექმნეს. დროსთან ერთად ეს ტექნოლოგია იხვეწებოდა და მეოცე საუკუნეში გამოჩნდა კოსმოსური ტელესკოპებიც.
დღეს გვაქვს ისეთი მძლავრი კოსმოსური ტელესკოპი, როგორიც ჯეიმს ვებია და ამასთან, ყველას შეუძლია ჰქონდეს თავისი, სამოყვარულო ტელესკოპი.
შემდეგი პოდკასტის 88-ე ეპიზოდში ტელესკოპებზე ვსაუბრობთ. მიმოვიხილავთ როგორც ამ ტექნოლოგიის ისტორიას, ისე აწმყოსა და მომავალს. პოდკასტი ასევე საინტერესო იქნება მისთვის, ვისაც ახლო მომავალში თავად აქვს ტელესკოპის შეძენა გადაწყვეტილი.
ჩვენი სტუმარია სერგი კაპანაძე, აბასთუმანის ობსერვატორიის მკვლევრი და ფიზიკის დოქტორი.

Oct 31, 2023
Oct 31, 2023
1 hr 46 min
რა არის თავისუფალი ნება და გვაქვს თუ არა ის? ეს ის შეკითხვაა რასაც დღეს თანამედროვე მეცნიერება სვამს.
ნეირომეცნიერები გვეუბნებიან, რომ ყველაფერი რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეყრდნობა ბიოლოგიას, აღზრდას, გარემოებებსა და ცვალებადობებს. შესაბამისად, ჩვენ, როგორც ყველა ცოცხალი ორგანიზმი, უბრალოდ "ბიოლოგიური მანქანები" ვართ.
თუ თავისუფალი ნება ილუზიაა, მაშინ მორალური პასუხისმგებლობებიც მოჩვენებითია. ჩვენ უბრალოდ ვხედავთ შედეგს იმისას თუ რას ვაკეთებთ და ვერ ვმართავთ მას?!
პოდკასტში სწორედ ამ შეკითხვებზე პასუხის გაგებას ვცდილობთ. ჩვენი სტუმარია გიორგი მამალაძე, გამომგონებელი და პროგრამისტი, რომელიც ამჟამად მიუნხენში, კომპანია Siemens-ში მუშაობს.

Oct 25, 2023
Oct 25, 2023
1 hr 55 sec
7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე, ღაზადან ისრაელზე თავდასხმა დაიწყო. სარაკეტო შეტევებს ჰამასის ტერორისტების აქტივობაც მოჰყვა. დღეს ისრაელი და ჰამასი ერთმანეთზე სარაკეტო იერიშებს ახორციელებენ. ამის პარალელურად მუშაობს ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა რკინის გუმბათი.
გავრცელდა (დაუდასტურებელი) ინფორმაცია იმაზე, რომ ისრაელი რკინის სხივს, ლაზერულ თავდაცვით სისტემასაც იყენებს. ამის პარალელურად საინტერესოა ის ტექნოლოგია, რომელსაც ღაზაში ტერორისტები რაკეტების დასამზადებლად იყენებენ.
პოდკასტში ვსაუბრობთ ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტზე — განვიხილავთ იმას თუ რა სამხედრო ტექნოლოგიას იყენებენ მხარეები. ჩვენი სტუმარია გიორგი ანთაძე, ჯეოქეისის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებების სპეციალისტი.

Oct 8, 2023
Oct 8, 2023
1 hr 53 min
ჩვენამდე დედამიწაზე ბევრი "ადამიანი" დააბიჯებდა. ჩვენ (ჰომო საპიენსი) დაახლოებით 200 000 წლის ვართ, მაგრამ აქამდე იყვნენ ჰომო ჰაბილისები, ჰომო ერექტუსები, ჰომო ჰაიდელბერგელსები და სხვა.
მეტიც, ჰომო საპიენსს ადამიანის სხვა სახეობებთან თანაცხოვრებაც მოუწია. ესენი იყვნენ ნენადერტალელები და დენისოველები. თანამედროვე ადამიანში ამ სახეობების გენებიც კი გვხვდება.
და მაინც, რას ნიშნავს ეს? როგორ გაჩნდა ჰომო საპიენსი და ვინ იყო ჩვენამდე? შემდეგი პოდკასტის 85-ე ეპიზოდში სწორედ ამ საკითხის გარკვევას შევეცდებით. ჩვენი სტუმარია ბიოლოგი ვასო გაბუნია.

Oct 5, 2023
Oct 5, 2023
1 hr 33 min
სამყარო ქაოსისკენ მიექანება და ამაში მთავარი დამნაშავე ენტროპიაა! ენტროპია სამყაროს ფუნდამენტია და ის მოქმედებს ყველაფერზე: გალაქტიკებზე, ვარსკვლავებზე, პლანეტებსა და თქვენს ცხელ ყავაზე!
რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით მაღალია ენტროპია, რადგან მაღალი ტემპერატურის პირობებში ნაწილაკები უფრო ქაოსურად მოძრაობენ. ამიტომ, დილის ცხელ ყავას თუ მაგიდაზე დატოვებთ ის გაცივდება და არ გაცხელდება.
ფიზიკოსების თქმით, სამყაროს ცვალებადობაც ენტროპიაა. და მაინც, რა არის ენტროპია?
ამ ყველაფრის გარკვევაში შემდეგი პოდკასტის 84-ე ეპიზოდში ვეცდებით. ჩვენი სტუმარია ფიზიკოსი ბექა მოდრეკილაძე.

Aug 31, 2023
Aug 31, 2023
1 hr 31 min
სიცოცხლე და სიკვდილი ერთი შეხედვით ურთიერთგამომრიცხავია, მაგრამ ბიოლოგიაში ეს ორი ერთმანეთს ავსებს. შესაბამისად, სიბერე ბუნებრივი პროცესია და მას ვერავინ გაექცევა. . .
თუმცა, დღეს ბევრი მეცნიერი სიბერეს არა თავისთავად მოცემულობად, არამედ დაავადებად აღიქვამს, რომელსაც უნდა ვუმკურნალოთ და ოდესღაც დავამარცხოთ კიდევაც.
სიცოცხლის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით სულ უფრო მეტი კვლევა ტარდება და მნიშვნელოვანი წინასვლაც გვაქვს. და მაინც, იმისთვის, რომ რაღაცა დავამარცხოთ, აუცილებელია მისი გამომწვევი მიზეზები ზუსტად ვიცოდეთ.
შემდეგი პოდკასტის 83-ე ეპიზოდში სიცოცხლეზე, სიბერეზე, ევოლუციასა და უკვდავებაზე ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმარია ცოტნე ჯავახიშვილი, ბიოლოგი, რომელიც დღეს აშშ-ში მოღვაწეობს.

Aug 27, 2023
Aug 27, 2023
1 hr 5 min
მეცნიერებმა ციმბირის მზრალ ქანებში არსებული, 46 000 წლის განმავლობაში მიძინებული ნემატოდები გააცოცხლეს. ჭიები იმდენად გამძლე არიან, რომ მკაცრ პირობებშიც კი სასიცოცხლო ფუნქციებს დიდი ხნით ინარჩუნებენ. ეს კრიპტობიოზის მდგომარეობაში ყოფნის გზით ხდება.
რაც მნიშვნელოვანია, კვლევას ქართველი მეცნიერი, მაქს პლანკის ინსტიტუტის პროფესორი, თეიმურაზ კურცხალია ხელმძღვანელობდა.
შემდეგი პოდკასტის 82-ე ეპიზოდში ჩვენი სტუმარი თეიმურაზ კურცხალიაა. ვსაუბრობთ კრიპტობიოზზე, ისტორიულ კვლევასა და მის პოტენციალზე.

Jul 26, 2023
Jul 26, 2023
1 hr 24 min
1 წლის წინ ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი ამოქმედდა. ტელესკოპმა, რომელსაც ინჟინერიის საოცრებასაც უწოდებენ, სამყარო ახალი თვალით დაგვანახა. ვებმა შეისწავლა, როგორც ყველაზე შორეული გალაქტიკები, ისე უშუალოდ ჩვენი მზის სისტემაც.
თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია და როგორც მეცნიერები ამბობენ, აისბერგის მწვერვალი. წინ უამრავი აღმოჩენა და გასაოცარი სიახლეა.
შემდეგი პოდკასტის 81-ე ეპიზოდში ტელესკოპის პირველ საიუბილეო თარიღს აღვნიშნავთ. ვსაუბრობთ ტელესკოპის ყველაზე საინტერესო აღმოჩენებსა და სურათებზე.
ჩვენი სტუმარია მიხეილ ჭაბუკაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეცნიერო ჟურნალისტი.

Jul 18, 2023
Jul 18, 2023
49 min
ჩვენს დნმ-ში ძალიან დიდი ინფორმაციაა შენახული და ეს ყველაფერი ხდება მიკროსკოპულ დონეზე. ეს ინფორმაცია წიგნში რომ გადმოვიტანოთ, მილიონობით ფურცელი დაგვჭირდება. დიდი მონაცემების სამყაროში დნმ შეიძლება ინფორმაციისა და მონაცემების კომპაქტურ სივრცეში შენახვის საშუალებად იქცეს.
ჩვენი დნმ ერთგვარი "გენეტიკური ენაა" და მისი შესწავლით სრულიად ახალი შესაძლებლობები ჩნდება — მათ შორის, ციფრული ინფორმაციის დნმ-ში შენახვის.
შემდეგი პოდკასტის 80-ე ეპიზოდში დნმ-ზე და მასზე როგორც ტექნოლოგიურ შესაძლებლობაზე ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმარია გვანცა ბრაჭველი, ბიოლოგი და ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომელი.
