Episodes

Monday Mar 15, 2021
Clubhouse — ახალი სიტყვა აუდიო კომუნიკაციებში
Monday Mar 15, 2021
Monday Mar 15, 2021
Clubhouse ახალი სოციალური ქსელია, რომელმაც შექმნიდან სულ ცოტა ხანში უდიდესი ინტერესი გამოიწვია. ის 2020 წლის გაზაფხულისთვის გაეშვა, თუმცა, განსაკუთრებული ყურადღება ბოლო თვეებში მიიპყრო. ამ დროის მონაკვეთში ახალი სოციალური ქსელის მომხმარებლების რაოდენობა, რამდენიმე ათასიდან მილიონებამდე გაიზარდა.
Clubhouse ლაივ აუდიო ჩატების სოციალური ქსელია. აქ მხოლოდ მოსმენა და საუბარი შეგიძლიათ. დიახ, Clubhouse-ზე ვერაფერს დაწერთ და ვერც ფოტოებს გააზიარებთ. ერთი შეხედვით ბევრისთვის ეს შეზღუდვები დისკომფორტი უნდა იყოს, თუმცა, ყველაფერი პირიქით მოხდა.
Clubhouse მრავალფეროვანია. ინტერესების მითითებიდან გამომდინარე, თქვენთვის საინტერესო დისკუსიებს, ლექციებს თუ მოხსენებებს მოისმენთ და რაც მთავარია, ეს ყველაფერი ინტერაქციულია. ახალი სოციალური ქსელი საშუალებას გვაძლევს მოვუსმინოთ საინტერესო ადამიანებს და მათთან დისკუსიაშიც შევიდეთ. მეტიც, ასეთივე აუდიო ოთახების მოწყობა ნებისმიერს შეუძლია. მასში თქვენთვის საინტერესო ადამიანების მოწვევა და სურვილისამებრ მოდერატორობა და სპიკერობაც მარტივია.
Clubhouse-ის კონცეფციის მიმართ ინტერესი ფეისბუქმა და ტვიტერმა უკვე გამოხატეს და მსგავსი სოციალური ქსელის შექმნაზე ახლა თავადაც ფიქრობენ. ფაქტია, ახალი სოციალური ქსელი უდიდეს ინტერესს იწვევს და ამ პოდკასტში ჩვენც მასზე ვისაუბრებთ. დეტალურად მიმოვიხილავთ თუ როგორ მუშაობს ის, რანაირად შეგვიძლია მისი პროდუქტიულად გამოყენება და რაც მთავარია, როგორი მომავალი შეიძლება ჰქონდეს Clubhouse-ს. საინტერესოა, შეცვლის თუ არა ის ჩვენს ცხოვრებას ისე, როგორც ეს ოდესღაც ფეისბუქმა შეძლო.
ამ ყველაფრის გარკვევაში ჩვენი სტუმარი, ჟურნალისტი და Clubhouse-ის აქტიური მომხმარებელი, გიორგი გოგუა დაგვეხმარება.

Sunday Feb 28, 2021
მარსის კოლონიზაცია — ადამიანი, როგორც მულტიპლანეტარული სახეობა
Sunday Feb 28, 2021
Sunday Feb 28, 2021
მარსი მზისგან დაშორებით მეოთხე პლანეტაა. ის დედამიწასთან შედარებით დაახლოებით ორჯერ პატარაა, ხოლო მისი ატმოსფერო გაიშვიათებულია. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მარსი დედამიწის ჯგუფის პლანეტებს მიეკუთვნება და ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ადამიანმა მასზე ცხოვრებაზე დაიწყო ფიქრი.
წითელი პლანეტის კოლონიზაციაზე მოწინავე სახელმწიფოები, უდიდესი კომპანიები და მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ფიქრობენ. მეტიც, არამხოლოდ ფიქრობენ, ამ კუთხით გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაიდგა.
მარტო ამ თვეში, მარსის მისია სამმა სახელმწიფომ წარმატებით შეასრულა. ფაქტია, კონკურენცია ძალიან დიდია, მოწინავე სახელმწიფოების გარდა, მსოფლიოში ორი უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი და ჯეფ ბეზოსი კოსმოსის და მარსის ათვისებით არიან დაინტერესებული.
მაგალითისთვის, ილონ მასკი Starship-ის რაკეტებს აშენებს, რათა თითო რაკეტამ წითელ პლანეტაზე ასამდე ადამიანი გადაიყვანოს. მისი გამოთვლებით, ასეთი რაკეტებით, ათ წელიწადში 100 000 ადამიანის მარსზე წაყვანა იქნება შესაძლებელი. მომენტი, როდესაც მულტიპლანეტარულ სახეობად ვიქცევით, სულ უფრო რეალური ხდება.
დღეს სწორედ ამაზე ვისაუბრებთ, გავიგებთ თუ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და რაც მთავარია, რამდენად რეალურია მარსის კოლონიზაცია. ამ ყველაფრის გარკვევაში კი, ჩვენი დღევანდელი სტუმარი, ასტრობიოლოგი, მარიკა ტარასაშვილი დაგვეხმარება.

Tuesday Feb 23, 2021
ინტერნეტის ბნელი მხარე — დაქნეტი
Tuesday Feb 23, 2021
Tuesday Feb 23, 2021
დღეს ინტერნეტს 5 მილიარდზე მეტი ადამიანი იყენებს, თუმცა, ცოტამ თუ იცის რომ ის ყველაფერი რაზეც ყოველდღიური წვდომა გვაქვს, რეალურად ინტერნეტის ძალიან მცირე ნაწილია, საუბარია დაახლოებით 4 პროცენტზე.
დიახ, ის რისი მოძიებაც Google-ით შეგვიძლია, ინტერნეტის სულ მცირე ნაწილია. ინტერნეტის დაახლოებით 96 პროცენტი ღრმა ვებისგან შედეგება. ღრმა ვებში უამრავი ინფორმაციაა, მათ შორის სამთავრობო ვებგვერდები, ან სულაც თქვენი Gmail-ის ანგარიში. ასეთი გვერდები შიდა საძიებო ფუნქციას იყენებენ, მსგავს ინფორმაციას გუგლით ვერ მოიპოვებთ.
თუმცა, არც ეს არის დარქნეტი. დარქნეტში, იგივე ბნელ ინტერნეტში მოსახვედრად სპეციალური ბრაუზერებია საჭირო. ბნელ ინტერნეტში ანონიმურობა ბოლომდე დაცულია, იქ ისე შეგიძლიათ ეკონტაქტოთ ადამიანებს და შენაძენებიც გააკეთოთ, რომ ვერავინ გაიგებს თუ ვინ ხართ. აქ თქვენ კრიპტოვალუტით ვაჭრობთ, რაც თქვენს ტრანზაქციებს სამართალდამაცვებისთვისაც ხელმიუწვდომელს ხდის.
ბევრი დარქნეტს კონფიდენციალურობის და პირადი სივრცის დასაცავად იყენებს, თუმცა, კონფიდენციალურობა მსხვერპლს მოითხოვს. დარქნეტში უამრავი კრიმინალია, ვინც იარაღით, ნარკოტიკებით და მოპარული პირადი ინფორმაციით ფულს შოულობს. როგორც ბარაკ ობამამ ერთხელ ინტერნეტთან დაკავშირებით აღნიშნა, — "თქვენ ვერ გექნებათ 100 % უსაფრთხოება და ამავდროულად 100 % პირადი სივრცე."
დღევანდელი ჩვენი სასაუბრო თემა სწორედ ეს არის, შევეცდებით გავიგოთ თუ როგორია ინტერნეტის ბნელი მხარე, რა ხდება დარქნეტში და სად გადის ზღვარი პირად სივრცეს და კრიმინალს შორის. ამაში კი, ჩვენი დღევანდელი სტუმარი, გიორგი ნონიკაშვილი, ჯეოლაბის ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტი დაგვეხმარება.

Wednesday Feb 17, 2021
საფონდო ტახტის თამაშები — Wall street VS r/WallStreetBets
Wednesday Feb 17, 2021
Wednesday Feb 17, 2021
Wall street მომცრო ზომის ვიწრო ქუჩაა. მას დიდი ისტორია აქვს, აქ ვაჭრები ხშირად იკრიბებოდნენ. თუმცა, 1792 წელს, 24-მა ვაჭარმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რითაც ვაჭრობის პრივილეგიები მიენიჭათ. ამით მათ ქუჩიდან შენობებში გადაინაცვლეს, სადაც მათ გარდა სხვა ვერ ივაჭრებდა.
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, დღეს Wall Street-ზე ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაა და მას ხშირად მსოფლიო კაპიტალიზმის გულადაც მოიხსენიებენ. ბევრი მიიჩნევს, რომ საფონდო ბირჟა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასაც ასახავს. აქ მილიარდობით დოლარის, უდიდესი კომპანიების და მილიონობით ადამიანის ბედი წყდება.
ერთი შეხედვით ამ ყველაფერს უდიდესი კორპორაციები და "დიდი ბიჭები" წყვეტენ. ისინი პროგნოზირებენ იმას თუ რომელი კომპანიის აქციები ფასი დაეცემა და რომლის აიწვევს.
სწორედ ასეთი პროგნოზით, კომპანია GameStop-ის აქციების ფასი რადიკალურად უნდა დავარდნილიყო. კომპანია ვიდეოთამაშებს ფიზიკურად ყიდის, ბოლო დროს კი ადამიანები თამაშების საყიდლად მაღაზიებში იშვიათად დადიან.
ყველა ლოგიკის მიხედვით უდიდესმა მოთამაშეებმა მილიონობით დოლარი GameStop-ის აქციების გაუფასურებაზე დადეს. თუმცა, სოციალური ქსელის Reddit-ის რიგითმა მომხმარებლებმა ეს შენიშნეს და GameStop-ის აქციების შესყიდვა დაიწყეს. მალე მოძრაობას მილიონობით ადამიანი შეუერთდა, რამაც გაკოტრების პირას მისული კომპანიის აქციები კოლოსალურად გაზარდა.
GameStop-ის ღირებულება, 200 მილიონი დოლარიდან, 28 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. მან ვინც GameStop-ის აქციებში 50 ათასი დოლარი ჩადო, 40 მილიონ დოლარზე მეტი მოიგო. ხოლო უდიდესმა მოთამაშეებმა ამით ათობით მილიარდი დოლარის დანაკარგი განიცადეს.
მნიშვნელოვანია, რომ მოძრაობა ამაზე გაჩერებას არ აპირებს და ახლა სხვა კომპანიების აქციების ფასის ხელოვნურად გაზრდას გეგმავენ.
ჩნდება კითხვა: ეს ფინანსური რევოლუციაა?
ფაქტია, ნამდვილი საფონდო ტახტის თამაშების მომსწრენი გავხდით. რა იქნება შემდეგი, არის ეს ფინანსური სამყაროს რევოლუცია, ანაქრქია თუ უბრალოდ დროებითი მოვლენა, ამის გარკვევას დღევანდელ პოდკასტში შევეცდებით.
ამაში კი ჩვენი სტუმარი, გალტ ენდ თაგარტის საბროკერო მიმართულების ხელმძღვანელი, დავით ნიშნიანიძე დაგვეხმარება.

Sunday Jan 31, 2021
კვანტური კომპიუტერები — ახალი ეპოქა
Sunday Jan 31, 2021
Sunday Jan 31, 2021
ელექტროგამომთვლელი მანქანების შემუშავებაზე ადრეც ფიქრობდნენ, მაგრამ კომპიუტერები მეოცე საუკუნეში გამოჩნდა. ეს იყო შენობის ზომის, რამდენიმე ტონიანი გამომთვლელი მანქანები, რომლებიც ნელ-ნელა დაპატარავდნენ, სიმძლავრით კი კოლოსალურად გაიზარდნენ. დღეს ამ გიგანტების შთამომვლებს, ლეპტოპების სახით, ჩანთებით, ხოლო სმარტფონების სახით, ჯიბეებით დავატარებთ.
თუმცა, კომპიუტერების ევოლუცია გრძელდება და კვანტური კომპიუტერები გამოთვლების ახალ ეპოქას გვპირდებიან. კვანტური კომპიუტერი იყენებს კვანტური მექანიკის ეფექტებს და თანამედროვე სუპერკომპიუტერზე მილიონჯერ, მილიარდჯერ და ტრილიონჯერაც უფრო სწრაფი შეუძლია იყოს.
კლასიკური კომპიუტერისგან განსხვავებით, რომელიც ნულებისა და ერთიანების სერიებს, ანუ ბიტებს გადაამუშავებს, კვანტური კომპიუტერი ქუბიტებისგანაა შექმნილი, რაც მას მილიონობით გამოთვლის თანადროული ჩატარების საშუალებას აძლევს.
ბევრი დიდი ტექნოლოგიური გიგანტი, Google-ის, Microsoft-ის და IBM-ის ჩათვლით, ერთმანეთს კვანტური კომპიუტერების შექმნაში ეჯიბრება. კონკურენციაში სახელმწიფოებიც არიან ჩართული, მაგალითისთვის, ჩინეთი კვანტურ გამოთვლებში მილიარდობით დოლარს ხარჯავს.
ამასთან, კვანტურ კომპიუტერებთან ერთად, რეალური ხდება კვანტური კარტოგრაფია და კვანტური ინტერნეტი.
რა იქნება შემდეგი და როგორი იქნება კომპიუტერების ახალი ეპოქა, ამ საკითხზე სასაუბროდ, დღეს ჩვენი სტუმარი ერეკლე მაღრაძეა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოთვლითი ცენტრის ხელმძღვანელი და ასოცირებული პროფესორი, კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით.

Monday Jan 25, 2021
ფულის ევოლუცია — კრიპტოვალუტები
Monday Jan 25, 2021
Monday Jan 25, 2021
გადახდის საშუალებები, როგორც ცოცხალი ორგანიზმები, იცვლებიან და ევოლუციას განიცდიან. ბარტერიდან პირობით სისტემებამდე, მონეტარული სისტემიდან ქაღალდის ფულამდე, ხოლო ქაღალდიდან ციფრულ ფულამდე, გადახდის საშუალებები საჭიროებების მიხედვით შეიცვალა. დღეს ბევრი ციფრული ფულის მომავალს კრიპტოვალუტებთან აკავშირებს.
კრიპტოვალუტები ელექტრონული ფულია. ისინი სრულიად დეცენტრალიზებულია, რაც ნიშნავს, რომ მისი გამოყენება ყველანაირი შუამავლის, ცენტრალური ბანკის თუ სახელმწიფოს გარეშე შეგვიძლია.
დიახ, კრიპტოვალუტის შექმნა ყველას შეუძლია. სწორედ ამიტომ მისი შექმნით კერძო კომპანიებიც არიან დაინტერესებული, რაც ერთგვარ იდეოლოგიურ ბრძოლამდეც შეიძლება მივიდეს. ჩნდება შეკითხვა, ვის ექნება ფულზე კონტროლი, სახელმწიფოს, კერძო სექტორს თუ ის სრულად დეცენტრალიზებული შეიძლება გახდეს?
ამის პარალელურად, კრიპტოვალუტების ფასი კვლავ იზრდება, ოდესღაც არაფრისგან აღმოცენებული კრიპტოვალუტის სისტემის ღირებულებამ იანვარში რეკორდულ 1 ტრილიონ დოლარს მიაღწია.
რა იქნება შემდეგი და როგორი შეიძლება იყოს ფულის მომავალი, ამ საკითხების გარკვევას ორ ძალიან საინტერესო სტუმართან ერთად შევეცდებით, ესენი არიან; ლაშა ანთაძე — დეცენტრალიზებული სისტემის Shelf.Network-ის დამფუძნებელი და გიორგი გვაზავა, CryptX Wallet-ის გენერალური დირექტორი.

Thursday Jan 07, 2021
რა შეცვალა 2020-მა ტექნოლოგიებსა და ჩვენს ცხოვრებაში
Thursday Jan 07, 2021
Thursday Jan 07, 2021
2020 წელი საკმაოდ მძიმე იყო, მაგრამ რომ არა ტექნოლოგიები, ის კიდევ უფრო რთული იქნებოდა. ამან კიდევ ერთხელ დაგვანახა ტექნოლოგიების აუცილებლობა.
პანდემიის პარალელურად ტექნოლოგიები კვლავ ვითარდებოდა და რაღაც ასპექტში ახალმა რეალობამ ეს პროცესები დააჩქარა კიდევაც. ამის მაგალითია, სოციალური ქსელები და ონლაინ კომუნიკაციის პლატფორმები, რომლებიც გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს გამოწვევა კი მათთვის განვითარების ახალ წყაროდაც იქცა. კორონავირუსმა ბრენდების და კომპანიების ყოველდღიურობაც შეცვალა და მათ გაციფრულების აუცილებლობა დაანახა.
ამის ფონზე, 2020 წელი უამრავი ახალი ტექნოლოგიური სიახლითაც გამოირჩეოდა. ჯერ მარტო რად ღირს ის ტექნოლოგიური ძვრები რაც ვირტუალური რეალობის, ხელოვნური ინტელექტის, კვანტური კომპიუტერების, კვანტური ტელეპორტაციის, მზის ხელოვნური რეაქტორების და რობოტიკის სახით გვქონდა.
დღევანდელ პოდკასტში სწორედ ამ თემაზე ვსაუბრობთ, ვაჯამებთ გასულ წელს და მიმოვიხილავთ 2020-ში მომხდარ მთავარ ტექნოლოგიურ სიახლეებს. ამასთან, შევეხებით 2021 წელს და გავიგებთ თუ რა შეიძლება იყოს ახალი 2021 წლის მთავარი ტექნოლოგიური ტრენდები.
ამ საკითხებზე სასაუბროდ, დღეს ჩვენთან ერთად next on ge ის მთავარი რედაქტორი, ხატია თორდუაა.

Wednesday Dec 30, 2020
CRISPR — გენური ინჟინერიის რევოლუციური იარაღი
Wednesday Dec 30, 2020
Wednesday Dec 30, 2020
ათასობით წლის განმავლობაში ადამიანი გენურ ინჟინერიას (ხელოვნურ სელექციას) იყენებდა, თუმცა, დნმ-ზე ინფორმაცია არც კი ჰქონდა.
დღეს გენურ ინჟინერიას უკვე უამრავ სფეროში ვიყენებთ. ცოტა ხნის წინ კი, გამოჩნდა ახალი ტექნოლოგია — CRISPR, რომელმაც გენეტიკური ინჟინერია თავდაყირა დააყენა. ესაა რევოლუციური ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებაც მეცნიერებს ნებისმიერი ტიპის გენეტიკური მასალის უსწრაფესად დასაკორექტირებლად შეუძლიათ.
CRISPR-ს უამრავი დაავადების არამარტო მკურნალობა, საერთოდ გენომიდან გაქრობაც კი შეუძლია. CRISPER-ის უნივერსალურობიდან გამომდინარე, მისი გამოყენება ისეთი უმძიმესი დაავადებების დასამარცხებლადაც შეგვიძლია, როგორიცაა სიმსივნე, აივ ინფექცია და კორონავირსიც კი.
დღეს ამ რევოლუციურ ტექნოლოგიაში თანხის ჩადებას თითქმის ყველა ინდუსტრია ცდილობს, იქნება ეს ფარმაკოლოგია, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა თუ სხვა.
ამ უახლეს და შეიძლება ითქვას, მაგიურ ტექნოლოგიაზე სასაუბროდ ორი სტუმარი გვყავს, ნინო ჩიღვინაძე, ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი, გენეტიკის დოქტორანტი და გოჩა გოლუბიანი, მოლეკულური ბიოლოგიის დოქტორანტი, რომელიც დღეს გოტინგენიდან გვერთვება.

Monday Dec 14, 2020
დიდი მონაცემები — ციფრული სამყაროს ნავთობი
Monday Dec 14, 2020
Monday Dec 14, 2020
დიდი მონაცემები ეს ის ფუნდამენტია, რასაც დღეს თანამედროვე სამყარო ეყრდნობა. რთულია წარმოვიდგინოთ სფერო, სადაც დიდი მონაცემების გამოყენება და დამუშავება არ ხდება.
მას ვიყენებთ თითქმის ყველაფერში. იქნება ეს განათლება, ჯანდაცვა, ტრანსპორტირება, ამინდის პროგნოზი, საბანკო-საფინანსო სფერო თუ ზოგადად ბიზნესი.
მონაცემების გამოყენებამ თითქმის სრულიად შეცვალა და დახვეწა მარკეტინგი, შემდეგ ეტაპზე აიყვანა მედიცინა და დიდი როლი ითამაშა კორონავირუსთან ბრძოლაში.
2019 წელს "დიდი მონაცემების" აპლიკაციების გაყიდვა/მხარდაჭერით მიღებული შემოსავლების საერთო მოცულობამ 49 მილიარდი დოლარი შეადგინა. მნიშვნელოვანია, რომ ეს სტატისტიკა წლიდან წლამდე იზრდება, 2027 წლისთვის აღნიშნული მაჩვენებლების 103 მილიარდ დოლარამდე გაზრდას ვარაუდობენ.
დღევანდელ პოდკასტში სწორედ ამაზე ვისაუბრებთ, შევეცდებით გავიგოთ თუ ვინ აგროვებს მონაცემებს, რა ინფორმაცია აქვთ ჩვენზე სოც ქსელებს და რაც მთავარია, გავერკვევით იმაში თუ რა არის Big Data და როგორ ხდება მისი გამოყენება.
ამ თემებზე სასაუბროდ, ორი ძალიან საინტერესო სტუმარი გვყავს, ნიკოლოზ ბეგიაშვილი, საქართვლოს ბანკის მონაცემთა ინჟინერიის უფროსი და დავით ლაპიაშვილი, საქართველოს ბანკის "Solution Architect".

Friday Dec 04, 2020
როგორ მუშაობს ხელოვნური ინტელექტი და რა შეუძლია მას
Friday Dec 04, 2020
Friday Dec 04, 2020
დღევანდელი მსოფლიო ხელოვნური ინტელექტის გარეშე წარმოუდგენელია. მას იყენებს თითქმის ყველა წამყვანი კომპანია, იქნება ეს Google, Apple თუ Facebook.
სწორედ ხელოვნური ინტელექტი გვეხმარება ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებისას, ან გინდაც, სმარტფონით სურათების გადაღებისას.
ხელოვნური ინტელექტი წარმოებაშიც აქტიურად გამოიყენება. ასევე, ტრანსპორტის, ჯანმრთელობის, ინდუსტრიის, ფინანსების, კომუნიკაციისა და ბევრი სხვა მიმართულებით.
დღევანდელ პოდკასტში სწორედ ამაზე ვისაუბრეთ, გავიგებთ როგორ წარმოიშვა ხელოვნური ინტელექტი, როგორ მუშაობს და რა მომავალი აქვს მას.
ამ საკითხებზე Animachatbotics-ის დეველოპერ, თემურ ჩიჩუას ვესაუბრეთ, რომელიც მანქანური დასწავლის მეთოდის გამოყენებით, ქართული ენის ბუნერივ დამუშავებაზე მუშაობს.