
44.7K
Downloads
120
Episodes
შემდეგი პოდკასტი NEXT.On.ge-სგან
Episodes

Apr 16, 2021
Apr 16, 2021
55 min
საუკუნეზე მეტია, მეცნიერები დროში მოგზუარობის ფენომენს სერიოზულად განიხილავენ. 1905 წელს, ალბერტ აინშტაინმა ფარდობითობის სპეციალური თეორია გამოაქვეყნა. თეორიის მიხედვით დრო და სივრცე განცალკევებული არ არის – ისინი ერთ მთლიანობას წარმოადგენენ. შესაბამისად, დრო ფიქსირებულად არ გადის, თითქოს რომელიღაცა საათზე იყოს დარეგულირებული. მისი სვლის ტემპი ცვალებადია და დამოკიდებულია იმაზე, თუ სად იმყოფები და თავად რა სიჩქარით მოძრაობ.
სწორედ აქედან დროში მოგზაურობის ოცნებებმა სამეცნიერო თეორიებში გადაინაცვლა და სამ სივრცით განზომილებას, ერთი დროითიც დაემატა.
შავი ხვრელები, ფარდობითობის თეორია, კვანტური მექანიკა, სინათლის სიჩქარე — ეს ის სამეცნიერო თემებია, რაც დროში მოგზაურობასთან პირდაპირაა დაკავშირებული.
დღევანდელ პოდკასტში სწორედ ამ თემებს მიმოვიხილავთ და ვეცდებით გავიგოთ, რამდენად რეალურია დროში მოგზაურობა და რამდენად შეგვიძლია ეს ჩვენ. ამ რთული ამოცანის გადაჭრაში კი, ჩვენი სტუმარი, ასტროფიზიკოსი, ბექა თევდორაშვილი დაგვეხმარება.

Mar 30, 2021
Mar 30, 2021
1 hr 41 min
ვაქცინა კაცობრიობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა, რომელიც მილიონობით ადამიანს იცავს და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობასაც საგრძნობლად ზრდის.
ამაზე ციფრებიც მეტყველებს, მაგალითისთვის, მხოლოდ 2000 წლიდან მოყოლებული, ვაქცინებმა 37 მილიონი ბავშვი სიკვდილს გადაარჩინა. ხოლო ბოლო დროინდელი კვლევებით, 2030 წლამდე ვაქცინაცია 120 მილიონი სიკვდილის პრევენციის საშუალებას მოგვცემს.
ვაქცინაცია უკვე დიდი ხანია დაავადებებთან ბრძოლაში გვეხმარება, თუმცა, დღეს ის კიდევ უფრო აქტუალურია. კორონავირუსი — ეს ის უხილავი მტერია, რომელთან ბრძოლაშიც ჩვენი მთავარი იარაღი სწორედ ვაქცინაციაა.
პოდკასტში მიმოვიხილავთ როგორც ზოგადად ვაქცინაციას, ისე კონკრეტულად კორონავირუსის ვაქცინებს. ვეცდებით უფრო ახლოდან გავიგოთ თუ რა არის ვაქცინა, როგორია მისი ისტორია, რა უნდა ვიცოდეთ მასზე, საიდან მოდის ვაქცინაციის მიმართ შიშები, როგორ დავიცვათ თავი დეზინფორმაციისგან და რაც მთავარია, ინფორმაციას მივიღებთ ამ საქმის პროფესიონალისგან, ჩვენი დღევანდელი სტუმრისგან, ნინო გაჩეჩილაძესგან, რომელიც თსუ-ს ასოცირებული პროფესორი და ვირუსოლოგია.

Mar 25, 2021
Mar 25, 2021
42 min
Payze უნივერსალური საგადასახდო სერვისების პროვაიდერი კომპანიაა, რომელიც ელექტრონულ კომერციაში ჩართულ ნებისმიერი ტიპის პლატფორმას ონლაინ გადახდების წარმოებაში ეხმარება.
Payze-მ დღემდე საკმაოდ გრძელი გზა განვლო, მოახერხა რა რამდენიმე კონკურსში გამარჯვება და აქსელერაციის პროგრამებში მონაწილეობა. მნიშვნელოვანია, რომ სტარტაპი რომელზეც დღევანდელ პოდკასტში ვსაუბრობთ, 500 Startaps აქსელერაციის პროგრამის გამარჯვებულია. 500 Startaps მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ბიზნეს აქსელერატორია და მასში გამარჯვება სილიკონ ველიზე წარდგენასაც ნიშნავს.
პოდკასტში გავიგებთ თუ როგორ მოვიდა აქამდე Payze და რას უნდა ველოდეთ მისგან მომავალში. ჩვენი დღევანდელი სტუმარი კი, Payze-ის თანადამფუძნებელი გეგა წურწუმიაა.

Mar 15, 2021
Mar 15, 2021
1 hr 16 min
Clubhouse ახალი სოციალური ქსელია, რომელმაც შექმნიდან სულ ცოტა ხანში უდიდესი ინტერესი გამოიწვია. ის 2020 წლის გაზაფხულისთვის გაეშვა, თუმცა, განსაკუთრებული ყურადღება ბოლო თვეებში მიიპყრო. ამ დროის მონაკვეთში ახალი სოციალური ქსელის მომხმარებლების რაოდენობა, რამდენიმე ათასიდან მილიონებამდე გაიზარდა.
Clubhouse ლაივ აუდიო ჩატების სოციალური ქსელია. აქ მხოლოდ მოსმენა და საუბარი შეგიძლიათ. დიახ, Clubhouse-ზე ვერაფერს დაწერთ და ვერც ფოტოებს გააზიარებთ. ერთი შეხედვით ბევრისთვის ეს შეზღუდვები დისკომფორტი უნდა იყოს, თუმცა, ყველაფერი პირიქით მოხდა.
Clubhouse მრავალფეროვანია. ინტერესების მითითებიდან გამომდინარე, თქვენთვის საინტერესო დისკუსიებს, ლექციებს თუ მოხსენებებს მოისმენთ და რაც მთავარია, ეს ყველაფერი ინტერაქციულია. ახალი სოციალური ქსელი საშუალებას გვაძლევს მოვუსმინოთ საინტერესო ადამიანებს და მათთან დისკუსიაშიც შევიდეთ. მეტიც, ასეთივე აუდიო ოთახების მოწყობა ნებისმიერს შეუძლია. მასში თქვენთვის საინტერესო ადამიანების მოწვევა და სურვილისამებრ მოდერატორობა და სპიკერობაც მარტივია.
Clubhouse-ის კონცეფციის მიმართ ინტერესი ფეისბუქმა და ტვიტერმა უკვე გამოხატეს და მსგავსი სოციალური ქსელის შექმნაზე ახლა თავადაც ფიქრობენ. ფაქტია, ახალი სოციალური ქსელი უდიდეს ინტერესს იწვევს და ამ პოდკასტში ჩვენც მასზე ვისაუბრებთ. დეტალურად მიმოვიხილავთ თუ როგორ მუშაობს ის, რანაირად შეგვიძლია მისი პროდუქტიულად გამოყენება და რაც მთავარია, როგორი მომავალი შეიძლება ჰქონდეს Clubhouse-ს. საინტერესოა, შეცვლის თუ არა ის ჩვენს ცხოვრებას ისე, როგორც ეს ოდესღაც ფეისბუქმა შეძლო.
ამ ყველაფრის გარკვევაში ჩვენი სტუმარი, ჟურნალისტი და Clubhouse-ის აქტიური მომხმარებელი, გიორგი გოგუა დაგვეხმარება.

Feb 28, 2021
Feb 28, 2021
1 hr 11 min
მარსი მზისგან დაშორებით მეოთხე პლანეტაა. ის დედამიწასთან შედარებით დაახლოებით ორჯერ პატარაა, ხოლო მისი ატმოსფერო გაიშვიათებულია. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მარსი დედამიწის ჯგუფის პლანეტებს მიეკუთვნება და ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ადამიანმა მასზე ცხოვრებაზე დაიწყო ფიქრი.
წითელი პლანეტის კოლონიზაციაზე მოწინავე სახელმწიფოები, უდიდესი კომპანიები და მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ფიქრობენ. მეტიც, არამხოლოდ ფიქრობენ, ამ კუთხით გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაიდგა.
მარტო ამ თვეში, მარსის მისია სამმა სახელმწიფომ წარმატებით შეასრულა. ფაქტია, კონკურენცია ძალიან დიდია, მოწინავე სახელმწიფოების გარდა, მსოფლიოში ორი უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი და ჯეფ ბეზოსი კოსმოსის და მარსის ათვისებით არიან დაინტერესებული.
მაგალითისთვის, ილონ მასკი Starship-ის რაკეტებს აშენებს, რათა თითო რაკეტამ წითელ პლანეტაზე ასამდე ადამიანი გადაიყვანოს. მისი გამოთვლებით, ასეთი რაკეტებით, ათ წელიწადში 100 000 ადამიანის მარსზე წაყვანა იქნება შესაძლებელი. მომენტი, როდესაც მულტიპლანეტარულ სახეობად ვიქცევით, სულ უფრო რეალური ხდება.
დღეს სწორედ ამაზე ვისაუბრებთ, გავიგებთ თუ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და რაც მთავარია, რამდენად რეალურია მარსის კოლონიზაცია. ამ ყველაფრის გარკვევაში კი, ჩვენი დღევანდელი სტუმარი, ასტრობიოლოგი, მარიკა ტარასაშვილი დაგვეხმარება.

Feb 23, 2021
Feb 23, 2021
1 hr 1 min
დღეს ინტერნეტს 5 მილიარდზე მეტი ადამიანი იყენებს, თუმცა, ცოტამ თუ იცის რომ ის ყველაფერი რაზეც ყოველდღიური წვდომა გვაქვს, რეალურად ინტერნეტის ძალიან მცირე ნაწილია, საუბარია დაახლოებით 4 პროცენტზე.
დიახ, ის რისი მოძიებაც Google-ით შეგვიძლია, ინტერნეტის სულ მცირე ნაწილია. ინტერნეტის დაახლოებით 96 პროცენტი ღრმა ვებისგან შედეგება. ღრმა ვებში უამრავი ინფორმაციაა, მათ შორის სამთავრობო ვებგვერდები, ან სულაც თქვენი Gmail-ის ანგარიში. ასეთი გვერდები შიდა საძიებო ფუნქციას იყენებენ, მსგავს ინფორმაციას გუგლით ვერ მოიპოვებთ.
თუმცა, არც ეს არის დარქნეტი. დარქნეტში, იგივე ბნელ ინტერნეტში მოსახვედრად სპეციალური ბრაუზერებია საჭირო. ბნელ ინტერნეტში ანონიმურობა ბოლომდე დაცულია, იქ ისე შეგიძლიათ ეკონტაქტოთ ადამიანებს და შენაძენებიც გააკეთოთ, რომ ვერავინ გაიგებს თუ ვინ ხართ. აქ თქვენ კრიპტოვალუტით ვაჭრობთ, რაც თქვენს ტრანზაქციებს სამართალდამაცვებისთვისაც ხელმიუწვდომელს ხდის.
ბევრი დარქნეტს კონფიდენციალურობის და პირადი სივრცის დასაცავად იყენებს, თუმცა, კონფიდენციალურობა მსხვერპლს მოითხოვს. დარქნეტში უამრავი კრიმინალია, ვინც იარაღით, ნარკოტიკებით და მოპარული პირადი ინფორმაციით ფულს შოულობს. როგორც ბარაკ ობამამ ერთხელ ინტერნეტთან დაკავშირებით აღნიშნა, — "თქვენ ვერ გექნებათ 100 % უსაფრთხოება და ამავდროულად 100 % პირადი სივრცე."
დღევანდელი ჩვენი სასაუბრო თემა სწორედ ეს არის, შევეცდებით გავიგოთ თუ როგორია ინტერნეტის ბნელი მხარე, რა ხდება დარქნეტში და სად გადის ზღვარი პირად სივრცეს და კრიმინალს შორის. ამაში კი, ჩვენი დღევანდელი სტუმარი, გიორგი ნონიკაშვილი, ჯეოლაბის ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტი დაგვეხმარება.

Feb 17, 2021
Feb 17, 2021
1 hr 5 min
Wall street მომცრო ზომის ვიწრო ქუჩაა. მას დიდი ისტორია აქვს, აქ ვაჭრები ხშირად იკრიბებოდნენ. თუმცა, 1792 წელს, 24-მა ვაჭარმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რითაც ვაჭრობის პრივილეგიები მიენიჭათ. ამით მათ ქუჩიდან შენობებში გადაინაცვლეს, სადაც მათ გარდა სხვა ვერ ივაჭრებდა.
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, დღეს Wall Street-ზე ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაა და მას ხშირად მსოფლიო კაპიტალიზმის გულადაც მოიხსენიებენ. ბევრი მიიჩნევს, რომ საფონდო ბირჟა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასაც ასახავს. აქ მილიარდობით დოლარის, უდიდესი კომპანიების და მილიონობით ადამიანის ბედი წყდება.
ერთი შეხედვით ამ ყველაფერს უდიდესი კორპორაციები და "დიდი ბიჭები" წყვეტენ. ისინი პროგნოზირებენ იმას თუ რომელი კომპანიის აქციები ფასი დაეცემა და რომლის აიწვევს.
სწორედ ასეთი პროგნოზით, კომპანია GameStop-ის აქციების ფასი რადიკალურად უნდა დავარდნილიყო. კომპანია ვიდეოთამაშებს ფიზიკურად ყიდის, ბოლო დროს კი ადამიანები თამაშების საყიდლად მაღაზიებში იშვიათად დადიან.
ყველა ლოგიკის მიხედვით უდიდესმა მოთამაშეებმა მილიონობით დოლარი GameStop-ის აქციების გაუფასურებაზე დადეს. თუმცა, სოციალური ქსელის Reddit-ის რიგითმა მომხმარებლებმა ეს შენიშნეს და GameStop-ის აქციების შესყიდვა დაიწყეს. მალე მოძრაობას მილიონობით ადამიანი შეუერთდა, რამაც გაკოტრების პირას მისული კომპანიის აქციები კოლოსალურად გაზარდა.
GameStop-ის ღირებულება, 200 მილიონი დოლარიდან, 28 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. მან ვინც GameStop-ის აქციებში 50 ათასი დოლარი ჩადო, 40 მილიონ დოლარზე მეტი მოიგო. ხოლო უდიდესმა მოთამაშეებმა ამით ათობით მილიარდი დოლარის დანაკარგი განიცადეს.
მნიშვნელოვანია, რომ მოძრაობა ამაზე გაჩერებას არ აპირებს და ახლა სხვა კომპანიების აქციების ფასის ხელოვნურად გაზრდას გეგმავენ.
ჩნდება კითხვა: ეს ფინანსური რევოლუციაა?
ფაქტია, ნამდვილი საფონდო ტახტის თამაშების მომსწრენი გავხდით. რა იქნება შემდეგი, არის ეს ფინანსური სამყაროს რევოლუცია, ანაქრქია თუ უბრალოდ დროებითი მოვლენა, ამის გარკვევას დღევანდელ პოდკასტში შევეცდებით.
ამაში კი ჩვენი სტუმარი, გალტ ენდ თაგარტის საბროკერო მიმართულების ხელმძღვანელი, დავით ნიშნიანიძე დაგვეხმარება.

Jan 31, 2021
Jan 31, 2021
1 hr 12 min
ელექტროგამომთვლელი მანქანების შემუშავებაზე ადრეც ფიქრობდნენ, მაგრამ კომპიუტერები მეოცე საუკუნეში გამოჩნდა. ეს იყო შენობის ზომის, რამდენიმე ტონიანი გამომთვლელი მანქანები, რომლებიც ნელ-ნელა დაპატარავდნენ, სიმძლავრით კი კოლოსალურად გაიზარდნენ. დღეს ამ გიგანტების შთამომვლებს, ლეპტოპების სახით, ჩანთებით, ხოლო სმარტფონების სახით, ჯიბეებით დავატარებთ.
თუმცა, კომპიუტერების ევოლუცია გრძელდება და კვანტური კომპიუტერები გამოთვლების ახალ ეპოქას გვპირდებიან. კვანტური კომპიუტერი იყენებს კვანტური მექანიკის ეფექტებს და თანამედროვე სუპერკომპიუტერზე მილიონჯერ, მილიარდჯერ და ტრილიონჯერაც უფრო სწრაფი შეუძლია იყოს.
კლასიკური კომპიუტერისგან განსხვავებით, რომელიც ნულებისა და ერთიანების სერიებს, ანუ ბიტებს გადაამუშავებს, კვანტური კომპიუტერი ქუბიტებისგანაა შექმნილი, რაც მას მილიონობით გამოთვლის თანადროული ჩატარების საშუალებას აძლევს.
ბევრი დიდი ტექნოლოგიური გიგანტი, Google-ის, Microsoft-ის და IBM-ის ჩათვლით, ერთმანეთს კვანტური კომპიუტერების შექმნაში ეჯიბრება. კონკურენციაში სახელმწიფოებიც არიან ჩართული, მაგალითისთვის, ჩინეთი კვანტურ გამოთვლებში მილიარდობით დოლარს ხარჯავს.
ამასთან, კვანტურ კომპიუტერებთან ერთად, რეალური ხდება კვანტური კარტოგრაფია და კვანტური ინტერნეტი.
რა იქნება შემდეგი და როგორი იქნება კომპიუტერების ახალი ეპოქა, ამ საკითხზე სასაუბროდ, დღეს ჩვენი სტუმარი ერეკლე მაღრაძეა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოთვლითი ცენტრის ხელმძღვანელი და ასოცირებული პროფესორი, კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით.

Jan 25, 2021
Jan 25, 2021
1 hr 36 sec
გადახდის საშუალებები, როგორც ცოცხალი ორგანიზმები, იცვლებიან და ევოლუციას განიცდიან. ბარტერიდან პირობით სისტემებამდე, მონეტარული სისტემიდან ქაღალდის ფულამდე, ხოლო ქაღალდიდან ციფრულ ფულამდე, გადახდის საშუალებები საჭიროებების მიხედვით შეიცვალა. დღეს ბევრი ციფრული ფულის მომავალს კრიპტოვალუტებთან აკავშირებს.
კრიპტოვალუტები ელექტრონული ფულია. ისინი სრულიად დეცენტრალიზებულია, რაც ნიშნავს, რომ მისი გამოყენება ყველანაირი შუამავლის, ცენტრალური ბანკის თუ სახელმწიფოს გარეშე შეგვიძლია.
დიახ, კრიპტოვალუტის შექმნა ყველას შეუძლია. სწორედ ამიტომ მისი შექმნით კერძო კომპანიებიც არიან დაინტერესებული, რაც ერთგვარ იდეოლოგიურ ბრძოლამდეც შეიძლება მივიდეს. ჩნდება შეკითხვა, ვის ექნება ფულზე კონტროლი, სახელმწიფოს, კერძო სექტორს თუ ის სრულად დეცენტრალიზებული შეიძლება გახდეს?
ამის პარალელურად, კრიპტოვალუტების ფასი კვლავ იზრდება, ოდესღაც არაფრისგან აღმოცენებული კრიპტოვალუტის სისტემის ღირებულებამ იანვარში რეკორდულ 1 ტრილიონ დოლარს მიაღწია.
რა იქნება შემდეგი და როგორი შეიძლება იყოს ფულის მომავალი, ამ საკითხების გარკვევას ორ ძალიან საინტერესო სტუმართან ერთად შევეცდებით, ესენი არიან; ლაშა ანთაძე — დეცენტრალიზებული სისტემის Shelf.Network-ის დამფუძნებელი და გიორგი გვაზავა, CryptX Wallet-ის გენერალური დირექტორი.

Jan 7, 2021
Jan 7, 2021
59 min
2020 წელი საკმაოდ მძიმე იყო, მაგრამ რომ არა ტექნოლოგიები, ის კიდევ უფრო რთული იქნებოდა. ამან კიდევ ერთხელ დაგვანახა ტექნოლოგიების აუცილებლობა.
პანდემიის პარალელურად ტექნოლოგიები კვლავ ვითარდებოდა და რაღაც ასპექტში ახალმა რეალობამ ეს პროცესები დააჩქარა კიდევაც. ამის მაგალითია, სოციალური ქსელები და ონლაინ კომუნიკაციის პლატფორმები, რომლებიც გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს გამოწვევა კი მათთვის განვითარების ახალ წყაროდაც იქცა. კორონავირუსმა ბრენდების და კომპანიების ყოველდღიურობაც შეცვალა და მათ გაციფრულების აუცილებლობა დაანახა.
ამის ფონზე, 2020 წელი უამრავი ახალი ტექნოლოგიური სიახლითაც გამოირჩეოდა. ჯერ მარტო რად ღირს ის ტექნოლოგიური ძვრები რაც ვირტუალური რეალობის, ხელოვნური ინტელექტის, კვანტური კომპიუტერების, კვანტური ტელეპორტაციის, მზის ხელოვნური რეაქტორების და რობოტიკის სახით გვქონდა.
დღევანდელ პოდკასტში სწორედ ამ თემაზე ვსაუბრობთ, ვაჯამებთ გასულ წელს და მიმოვიხილავთ 2020-ში მომხდარ მთავარ ტექნოლოგიურ სიახლეებს. ამასთან, შევეხებით 2021 წელს და გავიგებთ თუ რა შეიძლება იყოს ახალი 2021 წლის მთავარი ტექნოლოგიური ტრენდები.
ამ საკითხებზე სასაუბროდ, დღეს ჩვენთან ერთად next on ge ის მთავარი რედაქტორი, ხატია თორდუაა.
